რა ეტაპზეა დედაქალაქის 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის პროექტი და რამდენი მილიონი დაიხარჯება მის შესასრულებლად
თბილისის მერმა, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურების მოდერნიზების პროექტზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ამჟამად 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის კონცეპტუალური დიზაინის შემუშავების ტენდერი მიმდინარეობს. მერმა ვარკეთილისა და ავლაბრის მეტროსადგურების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რკინა-ბეტონის თაღის გეომეტრიული პარამეტრების სივრცული სკანირება განხორციელდა.
“ამჟამად მიმდინარეობს ტენდერი, კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სამუშაოების შესყიდვის მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად. ტენდერში მონაწილეობის სურვილი 11-მა საერთაშორისო კომპანიამ და კომპანიათა გაერთიანებამ დააფიქსირა. ტენდერის ამ ეტაპზე ფასდება აღნიშნული კომპანიების საკვალიფიკაციო მონაცემები, რათა შედგეს “მოკლე სია” და გადავიდეთ ტენდერის მომდევნო ეტაპზე – ფინანსური წინადადების განხილვა და გამარჯვებული კომპანიების გამოვლენა.
რაც შეეხება ავლაბრის მეტროსადგურს, მერის თქმით, მეტროსადგურის გარე ფასადის, შიდა მოპირკეთებისა და სახურავის დემონტაჟის დაწყებისას, სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის მდებარეობის დამატებითი შესწავლის აუცილებლობა გამოიკვეთა, რამაც ზედა ვესტიუბულის პროექტის კორექტირების აუცილებლობა გააჩინა. კახა კალაძის თქმით, ავლაბრის მეტროსადგურის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება.
ცნობისთვის, 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის პროექტი 2023-29 წლებში განხორციელდება და მისთვის 55 მილიონი ევრო გამოიყოფა.