როგორ გადავრჩეთ დილით მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” შესასვლელთან
ასობით ადამიანი მეტროში შეღწევას ცდილობს, ხალხის ნაკადში გავლა განსაკუთრებით მოხუცებს და ბავშვებს უჭირთ. მეტროს ერთადერთი ჩასასვლელი ხალხის ნაკადს ვერ ატარებს.
გლდანის მეტროში დილის საათებში მოხვედრა ერთი თავგადასავალია, პრობლემას სწორედ მეტროსადგურის ერთადერთი ჩასასვლელი ჰქმნის. დიდი ხანია გლდანის მოსახლეობა, იმ პრობლემაზე საუბრობს, რომლის გავლაც ყოველ დილით უწევთ. ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელში ფოტო მასალა, რომელზეც ის ჭყლეტვაა ასახული, რასაც გლდანელები ყოველ დილით გადიან. მეტროსადგურში შესაღწევად ხშირად 20 წუთამდე დროა საჭირო, თუმცა არც მასში შეღწევის შემდეგაა მარტივად საქმე, თავისუფალ მატარებლებს კიდევ რამდენიმე წუთი ელოდებიან ბაქანზე.
აღნიშნულ პრობლემაზე, თბილისის მერმა ჯერ კიდევ სექტემბერში, ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მეორე ჩასასვლელის გაკეთება იგეგმება. “კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, ამაზე მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას. გვინდა ამ პროექტის განხორციელება. მიმდებარე ტერიტორია გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა, მაგრამ მუნიციპალიტეტი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ამ ტერიტორიას დაიბრუნებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
როდის მოგვარდება პრობლემა და დაეხმარება თუ არა მეტროსადგურის მეორე ჩასასვლელი ხალხის ნაკადის შემცირებას არავინ იცის, თუმცა როგორც აღმოჩნდა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია კერძო საკუთრებაა და სანამ რაიმე ტიპის სამუშაოები დაიწყება ჯერ მისი გამოსყიდვაა საჭირო. მანამდე კი თუ როგორ გადაურჩეთ ყოველდღიურ ხალხის ტალღას? ამას ყოველ დილით იქ მოხვედრით მარტივად ისწავლით.