ფოტოფაქტი: ვანდალისტების თავდასხმა და მოხატული კედლები, მეტრო „გოცირიძის“ გახსნიდან რამდენიმე დღეში
მეტროსადგურ “გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია, ერთი კვირის წინ დასრულდა. მგზავრები მის გახსნას ორი წელი ელოდნენ. ინფორმაცია, ამის შესახებ ოფიციალურად 17 მარტს თბილისის მერიაში გაავრცელეს. დღეს კი, დასრულებული პროექტის გარე კედლები ვანდალისური ფაქტებითაა დაფარული, მეტროს ფასადებზე კი ალკოჰოლური სასმელების ცარიელი ბოთლებია მოთავსებული. ამ ყველაფერში kalaki.ge-ს კორესპონდენტი თავად დარწმუნდა.
სადგურის გახსნის წინა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა სარემონტო სამუშაოების გაჭიანურების გამო. შეგახსენებთ, რომ “გოცირიძის” რეაბილიტაციას მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები, რამდენიმე თვის ნაცვლად ორი წელი ელოდნენ.
“მეტროსადგურის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა. პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კონკრეტულად კი, მეტროპოლიტენით სარგებლობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დახურული იყო აღნიშნული მეტროსადგური. ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ და ვერ ასრულებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პრობლემა იყო ის, რომ ორივე კონტრაქტორი კომპანიის შეცვლა მოგვიწია და ამის გამო გაიწელა დრო. განაცხადა კახა კალაძემ.
რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა, სადგურის ექსტერიერი და ინტერიერი. ორივე ბილიკი და მოსაცდელი ბაქანი მთლიანად გადახურულია. ასევე, სადგური ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, გარემონტდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები. პროექტის საერთო ბიუჯეტმა კი 4,7 მლნ ლარი შეადგინა.
თუმცა, არის მეორე მხარეც, „გოცირიძის“ გარე ფასადის მიმდებარედ, მიმოფანტულია ალკოჰოლური სასმელების ცარიელი ბოთლები:
გარდა ამისა, ესტაკადის კედლები ადგილობრივმა ხელოვანებმა გრაფიტით მოხატეს. სუფთა, ლამაზი კედლები თბილისელების საერთო საკუთრება, საკამათო ხელოვნების დაფად გამოიყენეს.
როგორ ფიქრობთ, ზუსტად მათ ვალდებულებაში შედის საკუთარი ხარჯებით მოაწესრიგონ კედლები? დააფიქსირეთ თქველი აზრი კომენტარში.