მტკვრის კლდოვან შემაღლებაზე არსებული უძველესი დასახლება და თბილისური დარბაზი – რა საიდუმლოს ინახავს მეტეხის უბანი
ჩვენი დედაქალაქი მხოლოდ ის არ არის, რაც ადამიანს შეუქმნია, აუშენებია ან გადაუკეთებია.
ჩვენი დედაქალაქი მხოლოდ ის არ არის, რაც ადამიანს შეუქმნია, აუშენებია ან გადაუკეთებია. თბილისი პირველ რიგში გასაოცარი ლანდშაფტია, რომელიც ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების ქსელს წარმოადგენს.ნათელია, რომ საქართველოს დედაქალაქი ასევე არის მტკვარი და ერთ დროს მასში მიმოფანტული კუნძულები, რომელთა გაქრობას ვერ ივიწყებს თბილისი და ეს ტკივილი ყოველთვის სტანჯავს მას.
ძველი უბანი, რომელზეც სტატიაში მოგითხრობთ, მტკვრის კლდოვან შემაღლებაზე მდებარეობს. მისი დანახვისას ვერცერთი ტურისტი თუ ადგილობრივი აღფრთოვანებას ვერ მალავს, თუ როგორ საგულდაგულოდ ჩამწკრივებულან, კლდის წვერზე, მერცხლის ბუდეებივით გაშენებული სახლები. გასაოცარი სანახაობაა, მტკვარში ამოზნექილი სალი კლდის ძირში, მოდუდუნე მდინარეში სახლების ანარეკლი და ამაყად მდგომი მეტეხი.
მეტეხი, თავისი ლოკაციის გამო, თბილისის ყველაზე ადრეული დასახლება გახლავთ. ისტორიული უბანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე ავლაბარში მდებარეობს. ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა.
ეკლესია იხსენიება თამარ მეფის დროს. თამარის ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი მოგვითხრობს, რომ შამქორის ბრძოლის დროს, ჯარის გასტუმრების შემდეგ, თამარმა „წარიხადნა სამოსელნი ფერხთანი და ფერხივ შიშულითა ფერხითა მიიწია ტაძარსა ღმრთისამშობლისასა მეტეხთა და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულყო ღმერთმან სათხოველი მისი.“
მონღოლების შემოსევას 1235 წელს, ვერცერთი ადრინდელი ნაგებობა ვერ გადაურჩა.
მეტეხის მაცხოვრის ეკლესია აღმართული კლდის თავზე 1278-1289 წლებში, მეფე დემეტრე II-ს აღუდგენია. ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის გეგმა იმ დროისათვის უჩვეულოა, როგორც ჩანს, ამ ადგილას მანამდე მდგარი ეკლესიის გეგმას იმეორებს. ფასადები ახლებური დეკორატიული სისტემით არის დამუშავებული: კედლები დანაწევრებულია ჰორიზონტული სარტყლებით, მაგრამ იმავე დროს საკურთხევლის შვერილ აფსიდზე გამეორებულია ძველი, სამთავისის დროიდან ცნობილი, სისტემა – დიდი ჯვარი და 2 მოჩუქურთმებული კვადრატი სარკმლის ქვემოთ. საუკუნეთა განმავლობაში შენობამ ბევრი ცვლილება განიცადა. XIII საუკუნის ნაგებობისაგან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები კამარების დონემდე, დასავლეთი კედლის ქვემო ნაწილი, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთი ნაწილი.
როგორც წყაროები მოწმობენ, ეკლესია მოგვიანებით დაზიანდა და რამდენჯერმე აღდგენილ იქნა. მეფე როსტომმა ეკლესიის ირგვლივ არემარე ძლიერი ციტადელით გაამაგრა, რომელსაც 3000 ჯარისკაცი იცავდა. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც ქართლის ტახტზე მაჰმადიანი მეფეები ისხდნენ, მეტეხის ტაძარი უკვე მიტოვებული იყო. მოგზაურ ჟან შარდენის თქმით, მისი მიტოვების უშუალო მიზეზი მეხის დაცემა ყოფილა, ვახტანგ V-მ შენობა ეკლესიად კი არ აღადგინა, არამედ თოფის წამლის საწყობი მოაწყო. მეტეხის ციხიდან 1748 წელს, სპარსელთა განდევნის შემდეგ შეკეთდა და ამოქმედდა დიდი ხნის წინათ მიტოვებული მეტეხის ეკლესიაც. 1801 წლიდან კი რუსეთის მმართველობის პერიოდში, ეკლესიამ დაკარგა მისი რელიგიური ფუნქცია და სამხედრო ბარაკად გადაკეთდა. 1819 წელს ციტადელი დაშლილ იქნა და ახალი ნაგებიბით შეიცვალა, რომელიც 1938 წლამდე სატუსაღოს ფუნქციას ასრულებდა.
„დიდი წმენდის“ პერიოდში ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ეკლესიის დანგრევაც, თუმცა ძლიერ წინააღმდეგობა შეხვდა ქართველ ინტელექტუალთა მხრიდან, მხატვარი და კოლექციონერი დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით. ბერიამ შესთავაზა ეკლესიის ასლის შემცირებული ზომით შექმნა მუზეუმისთვის, რომელსაც მისი წინადადებით თავად დიმიტრი შევარდნაძე უხელმძღვანელებდა, რაზეც ამ უკანასკნელის მტკიცე უარი მიიღო. შევარდნაძე წინააღმდეგობის გაწევისთვის დაპატიმრებულ და მოგვიანებით სიკვდილით დასჯილ იქნა. მიუხედავად ამისა, ნაგებობის გადარჩენა მაინც მოხერხდა. უფრო გვიანდელ საბჭოთა პერიოდში ეკლესია თეატრის ფუნქციას ასრულებდა. მეფე ვახტანგ გორგასლის ცხენოსანი ფიგურა სკულპტორი ელგუჯა ამაშუკელის მიერ ეკლესიის წინ 1967 წელს აღიმართა.
1980-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივითა და პოპულარული მხარდაჭერით დაწყებულ იქნა ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის დაბრუნების კამპანია. ამ მოთხვონით ცნობილი ქართველი დისიდენტი და მომავალი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საშიმშილო აქციასაც აწყობს. კომუნისტური მმართველობის თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად 1988 წლიდან ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.
ლეგენდის თანახმად, მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. კლდის ძირში წმინდანის სახელზე მცირე ზომის ეკლესიაა აღმართული.
მეტეხის მიდამო მტკვრის საპირისპირო სანაპიროსთან რკინაბეტონის ხიდითაა დაკავშირებული, რომელიც ორი ძველი ხიდის ადგილას 1951 წელს აიგო. ახალი ხიდის მშენებლობის პროცესში სრულიად დაინგრა სხვადასხვა ნაგებობათა და შენობათა უნიკალური კომპლექსი, რომელიც XVII-XIX საუკუნეებით თარიღდებოდა. ბოლო დროს ქალაქის მთავრობამ წამოიწყო ძველი თბილისის ამ ისტორიული ნაწილის XX საუკუნის დასაწყისის დროინდელ იერზე რესტავრაციის კამპანია.
ეს ადგილი მთლიანად ისტორიით არის გაჟღენთილი. მეტეხის უბანში არსებული თითოეული სახლი თავის ამბავს თვითონ ყვება.
ერთადერთი საცხოვრებელი სახლი კი რომელიც თურმე თბილისს მე-17 საუკუნიდან შემორჩა „ფორაქიშვილების დარბაზია“. სანახაობა, რომელიც მართლა გაგაოცებთ და სულ სხვა რეალობაში გაგრძნობინებთ თავს.
იგი ქალაქის ძველ უბანში, სასტუმრო „კოპალას” ეზოში, დღევანდელი ჩეხოვის ქუჩაზე მდებარეობს. ტრადიციული ქართული საცხოვრებელი სახლი, ძველი თბილისის საცხოვრებლის ძირითად სახეს შეადგენდა. მართალია მას ამ ეტაპზე გვირგვინი აქვს მოხსნილი და კედლებში ფანჯრებია ჩასმული, თუმცა ის მაინც გვაძლევს დარბაზის თავდაპირველი სახის წარმოდგენის საშუალებას.
დარბაზმა 1904 წელს მთლიანად იცვალა სახე, მაგრამ არსებობს გერმანელი მხატვრის კარლ ცაარის ძველი ჩანახატი, სადაც ჩანს, რომ მას 12-წახნაგოვანი გვირგვინი ჰქონდა, ორი მაღალი, წვრილი დედაბოძი, კედლის განჯინები და თახჩები. გლეხური დარბაზისაგან განსხვავებით, აქ კერა არ არის. ინტერიერის არქიტექტურა მხატვრულად დასრულებულ ხასიათს ატარებს და ქართული ხუროთმოძღვრების ჩამოყალიბებულ ნიმუშს წარმოადგენს. დამახასიათებელია აგრეთვე ფორაქიშვილის დარბაზის განლაგება რელიეფზე – საფეხურებიანი ისე, რომ ქვემო სახლის ბანი ზემოსათვის „ეზოდ“ იყო გამოყენებული.
ხის კართან მისვლისთანავე თვალში მოგხვდებათ წარწერა, რომელიც გვამცნობს, რომ 2000 წელს ძველი თბილისის საცხოვრებელი სახლი ცნობილ ბიზნესმენს თორნიკე კოპალეიშვილს აღუდგენია.
სახლ-მუზეუმი, თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირშესანიშნავი ადგილია, რომელიც ძველი ქართული ხალხური საცხოვრებელი სახლის დღემდე შემორჩენილ უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. „ფორაქიშვილების დარბაზის“ ხილვა კი ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. აქ კარი მუდამ ღიაა და დარბაზი ძველი თბილისური განწყობით, თქვენი სტუმრობის მოლოდინშია.