მძიმე ღამე თბილისში-ძლიერი წვიმა და უხვი ნალექი, რომელმაც 13 ივნისის შემთხვევას გადააჭარბა
გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ 2-ჯერზე მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას.
ძლიერი წვიმა დედაქალაქში, ღამით დაიწყო და რმდენიმე საათი გაგრძელდა. შემთხვევამ მძიმე შედეგები გამოიწვია. დაიტბორა დედაქალაქის რამდენიმე ქუჩა, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები თითქმის სრულად პარალიზებული იყო. დაიტბორა მანქანები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, წყალმა მეტროს ვაგონებშიც კი შეაღწია. პარალელურად ვრცელდებოდა ვიდეოები, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების დატტბორვას ასახავდა.
დაიტბორა სარდაფები, მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ხეები.
თბილისის მერიამ აამოქმედა ცხელი ხაზი და მოქალაქეებს მოუწოდა თავი შეეკავებინათ გადაადგილებისგან.
შეიზღუდა გადაადგილება წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე – კალაძის თქმით, პრევენციის მიზნით.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, არავინ დაშავებულია.
ჯერჯერობით უცნობია მიყენებული ზიანის ოდენობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს დღის პირველ ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია, უამინდობა შენარჩუნდეს. უწყება კონკრეტულ ადგილს არ უთითებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი, ხოლო მთიან ნაწილში – ღვარცოფი.
“30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა, რამაც აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.