MAN-ის უახლესი ავტობუსებით დედაქალაქს „თეგეტა ჰოლდინგი“ მოამარაგებს
„თეგეტა ჰოლდინგი“ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია, კომპანია დედაქალაქს 160 ერთეული ევროპული წარმოების MAN-ის უახლესი 18-მეტრიანი ავტობუსით მოამარაგებს.
2024 წლის 1 აპრილამდე, კომპანია 50 ერთეულ ავტობუსს შემოიყვანს, დარჩენილი რაოდენობა კი 2024 წლის ბოლომდე დაიფარება. ჯამში, დედაქალაქის მუნიციპალური ავტოპარკი 160 ერთეული უახლესი, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებით განახლდება.
ავტობუსების შემოყვანაზე ხელშეკრულებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტას“ შორის 15 ივნისს მოეწერა ხელი. შედეგად, დედაქალაქს ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები შეემატება.