დღეს ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა იხსება
დღეს, 20:00 საათზე, კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიება იგეგმება. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული მონაკვეთი, კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.
ახალი გზა გვერდს აუვლის წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფლებში გავლა. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასახლებული პუნქტების ეკოლოგიურ მდგომარეობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.
ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს იქნება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.