თბილისში ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც კორპუსი უნდა აშენებულიყო, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
კორპუსის ნაცვლად დასასვენებელი სივრცე, ასეთია დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება ვაკის რაიონში ლორთქიფანიძის 28 ნომერში მდებარე ტერიტორიაზე.
ლორთქიფანიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიმდინარეობისას ფერდი ჩამოიშალა, რის შედეგადაც დედაქალაქის მერიამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გააუქმა და მის ნაცვლად რეკრეაციული სივრცის მოწყობა გადაწყვიტა. ინფორმაცია დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.
„ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა. ეს არის მიწის ნაკვეთი, სადაც კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა. დაწყებული იყო გარკვეული სამუშაოები, რომლის შესრულებისას ჩამოიშალა ფერდი, რის გამოც მოგვიხდა მიმდებარე კორპუსიდან მოსახლეობის დროებით ქირით გაყვანა. ფერდი უკვე გამაგრებულია. გავაუქმეთ მშენებლობის
ნებართვა და განხორციელდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ახლა კი, 1 500 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ვაკის რაიონის გამგეობა დასასვენებელ სივრცეს მოაწყობს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, 2021 წლის 12 აგვისტოს, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ლორთქიფანიძის 28 ნომრის მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას, ფერდი მოწყდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მშენებლობა შეჩერდა.