ლისის ტბა და ირგვლივ არსებული სამშენებლო ისტერია
უამრავი ადამიანისთვის თავისუფალ დროს სეირნობა განტვირთვის აუცილებელი და ერთადერთი ნაწილია.
უამრავი ადამიანისთვის თავისუფალ დროს სეირნობა განტვირთვის აუცილებელი და ერთადერთი ნაწილია. მთავარია ამაში, იმ ადგილების სიმრავლემ შეგიწყოთ ხელი, სადაც ახლოს იქნებით ბუნებასთან, სიმშვიდესთან, ყოველგვარი ზედმეტი ინფრასტრუქტურის გარეშე, სადაც შეძლებთ მანქანის გამონაბოლქვის გარეშე მისცეთ ბავშვს საშუალება სუფთა ჰაერზე ითამაშოს. ასეთი სივრცის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალაქგარეთ გასვლა შეიძლება ყოველ შაბათ-კვირას ვერ მოახერხოთ.
თბილისის ცენტრიდან რამდენიმე წუთში ისეთ გარემოში მოხვდებით, რომელიც განსხვავებულია ქალაქში არსებული ყველა სხვა რეკრეაციული ზონისაგან. შეგიძლიათ ბუნებაში ჰამაკი გააბათ, მოაწყოთ პიკნიკი, ისარგებლოთ სალაშქრო-საფეხმავლო ბილიკით, ნახოთ ხედი ტბაზე, რომელიც ზემოდან ბევრად უფრო ლამაზია და დაბრუნდეთ უკან ისეთი შეგრძნებით, თითქოს ქალაქიდან ძალიან შორს იყავით. სწორედ ასეთი ადგილია ლისის ტბა.
ლისის ტბა – ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, თბილისის ქვაბულში, ზღვის დონიდან 624 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბა წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით სარგებლობს. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი – შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა – 28 °C. ზამთრობით ტბაზე ზოგჯერ ყინულსაფარიც ჩნდება. ტბაში მოშენებულია თევზი. ის საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა ადგილია.
ლისის ტბა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი ზონაა. აქ კარგი ჰავაა დასასვენებლად. თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, ლისის ტბა ზღვის დონიდან მათზე რამდენიმე ასეული მეტრით მაღლა მდებარეობს. მისი მიდამოების კეთილმოწყობა ჯერ კიდევ 1937 წლიდან დაიწყო. მაშინ ტბის ირგვლივ, გარემოს გასამწვანებლად, 1400-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე დაირგო.
2007 წელს მის სიახლოვეს გაიხსნა თბილისის ახალი იპოდრომი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით არის დაპროექტებული. მისი ტერიტორია 31 ჰექტარს მოიცავს.
დღეს კი ისეთ ფართომასშტაბიან პროექტს, როგორიცაა ლისის ტბის მიმდებარედ ოთხასამდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება, კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ ახორციელებს. პროექტის პირველი უბანია „ლისი ვერანდა“, რომლის მოწყობა 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდა.
ლისის ტბის ინფრასტრუქტურის განახლება კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“ 2012 წელს დაიწყო. ტბის გარშემო შეიქმნა სარბენი და ველო ბილიკები, სავარჯიშო სივრცე, სანაპიროზე აშენდა სპორტული და საბავშვო მოედნები. 2015 წლიდან ფუნქციონირებს ღია კაფე, სანაოსნო პუნქტი და ახალი პლაჟი გარუჯვის მოყვარულთათვის.
2016 წელს ტბის გარშემო ქალაქის მერიის დავალებით მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რომლის სიგრძე სრულად 3 კილომეტრს შეადგენს. ტბის გარშემო გზის 2,5-კილომეტრიან მონაკვეთში დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სადრენაჟე-სანიაღვრე ქსელი და გარე განათების სისტემა. ბილიკის გასწვრივ 101 სანათი ბოძი და 10 ურნა დამონტაჟდა. ტბის გარშემო დაიდგა ასევე ნაგავშემკრები კონტეინერები. ამასთან, კეთილმოეწყო საფეხმავლო გზის გვერდულები. საფეხმავლო ბილიკზე განთავსდა საგზაო ნიშნები და ყოველ 500 მეტრში დამონტაჟდა მანძილის აღმნიშვნელი ბოძები.
აღსანიშნავია ასევე ლისის ტბის მწვანე მასივი, რომელიც საბურთალოს უერთდება. ტბის შემოგარენში არსებობს თერმული წყარო. 2015 წელს ტბის ტერიტორიაზე გაიხსნა გოგირდის აბანო.
ლისის ტბის სიახლოვეს მდებარეობს სოფელი თხინვალი.
ისტორიულად ეს ტერიტორია სამი ძირითადი დანიშნულებით გამოიყენებოდა – სატყეო, სასოფლო სამეურნეო და სარეკრეაციო, თუმცა დღეისთვის ამ ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი საცხოვრებელი დანიშნულებით, უსისტემოდ ვითარდება. დასრულებული და მიმდინარე მშენებლობა, ქაოტურ სახეს იღებს.
ლისის არეალი თბილისის ნაწილი 2006 წლიდან გახდა. მანამდე ის მცხეთას ეკუთვნოდა. იმ მიზეზით, რომ თბილისს აქვს მსხვილი ეკონომიკური გავლენა, დედაქალაქის გარშემო დაიწყო განაშენიანება და ლისის შემოერთების გადაწყვეტილებაც, დიდი ალბათობით, ეკონომიკურ საბინაო ბუმს უკავშირდებოდა.
აქ ტერიტორიები წარსულში სასოფლო მიწები იყო, ახლა ამ არეალში ხვდება სოფელი ლისი და სოფელი თხინვალაც. ამ მიწების დიდი ნაწილი სასოფლო-სამეურნეოდ აღარ გამოიყენება, ის დანაწევრდა და ახლა კერძო საკუთრებაშია, უსისტემოდ გაშენებული. დარგის სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ ტერიტორიის უსისტემო განვითარება საბოლოოდ მუნიციპალიტეტს დამატებით პრობლემებს შეუქმნის, რაც კიდევ უფრო რთულად გადასაჭრელი გახდება.
რა გამოწვევების წინაშე დგას ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე? – ტერიტორიაზე გაცემულ ნებართვებში ძირითადად ჭარბობს საცხოვრებელი ფუნქციის მქონე შენობები, შემდეგ მოდის მრავალფუნქციური და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების შენობები. ხოლო იშვიათად – საგანმანათლებლო დაწესებულებები და საავადმყოფოები.
მაშინ, როდესაც ქალაქს აქვს საჯარო-სარეკრეაციო სივრცეების დეფიციტი,რამდენად მართებულია ლისის არეალის სამშენებლო არეალად აღქმა? ამას არავინ კითხულობს. ტერიტორიაზე სრული სამშენებლო ბუმია, რაც საფრთხეს უქმნის უშუალოდ ტბასაც.