ლიფტები – საფრთხე, რომლის მსხვერპლიც შეიძლება ყოველი ჩვენთაგანი გახდეს
მოხატული და ღია კაბინის კარი, რომლიდანაც ხშირ შემთხვევაში შახტასაც კი დაინახავთ...
მოხატული და ღია კაბინის კარი, რომლიდანაც ხშირ შემთხვევაში შახტასაც კი დაინახავთ. შიდა სივრცეში კედელზე გამოკრულ სხვადასხვა განცხადებებთან ერთად, ხურდებით გავსებულ ყუთსაც წააწყდებით. კაბინა უსიცოცხლო, დანგრეული და ხმაურიანია. ღილაკებს ზედმეტი სიძველისგან სართულების მანიშნებელი ციფრებიც კი გადაშლილი აქვს. სინათლეც ნაძალადევად ბჟუტავს. მისი დანახვა საშინელებათა ჟანრის ფილმს მოგაგონებთ.
მეშვიდე სართულზე მივემართები და ვხდები, რომ სიცოცხლის ფასად ვრისკავ. საბჭოთა პერიოდისა და სიძველის კვალი მას კიდევ უფრო საშიშს ხდის. კადრებად მახსენდება ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებმაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველო შეძრა:
– „თემქაზე, ე.წ. არაშენდას კორპუსში ლიფტი ჩავარდა“, „ვაზისუბანში, ორი ადამიანი, ქალი და მამაკაცი, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა“, „ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა“, – ამ ფრაზებმა გონებაში გამიელვა და ვფიქრობ, კიდევ რამდენი მსხვერპლია საჭირო, რომ თავი მოებას დაუსრულებელ უბედურ შემთხვევებს?
ლიფტი გაუმართავია, თუმცა მაღალ სართულზე მცხოვრები მოსახლეობა მაინც ამ ლიფტებით სარგებლობს. რისკავენ, რისკავენ სიცოცხლის ფასად, რაც ხდება საფუძველი იმისა, რომ გაუმართავმა ლიფტმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ლიფტები ბევრ სხვა რამესთან ერთად, ჩვენი ქალაქისთვის სისტემური პრობლემაა. საქართველოს მოსახლეობა უამრავი ტრაგედიის მომსწრე ხდება, რომელიც ექსპლუატაცია გასული ლიფტების პრობლემას უკავშიერდება. ყოველი მორიგი საგანგაშო შემთხვევა განხილვის საგანი ხდება, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ პრობლემა ისევ მივიწყებას ეძლევა. თითქოს მოსახლეობაც და მთავრობაც, ახალი ტრაგედიის მოლოდინშია.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და ვინ უნდა მოაგვაროს “მკვლელი ლიფტების” პრობლემა დედაქალაქში?- საკითხი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევებმა კიდევ უფრო აქტუალური გახადა.
ერთ-ერთი მორიგი ტრაგედიის შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ლიფტი კონკრეტული კორპუსის მცხოვრებლების საკუთრებაა და სწორედ მოსახლეობამ უნდა უზრუნველყოს მისი რეაბილიტაცია/განახლება:
– „მეგობრებო, სადარბაზოები და ლიფტები არის თქვენი საკუთრება. ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტი არის თქვენი საკუთრება და თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია, განახლება. თუმცა, ჩვენ გვესმის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ჯერ კიდევ არსებობს ამ მიმართულებით პრობლემები, არის გაჭირვება, ამიტომ ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი პროგრამა, რომ დედაქალაქის მოსახლეობას შევუწყოთ ხელი. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სოციალური, ჯანდაცვის პროგრამა, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიმართულებით გვაქვს გარკვეული პროგრამები, რომლებიც გამოხატავს თანადგომას, რომ თქვენს საცხოვრებელ კორპუსებში ჩვენი თანადგომით და მხარდაჭერით, თანადაფინანსებით განხორციელდეს სხვადასხვა პროექტი. პრიორიტეტებს განსაზღვრავთ თქვენ, ამხანაგობის თავმჯდომარის უშუალო ჩართულობით. თბილისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 40 მილიონამდე ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსებების პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც, გამგეობები სხვადასხვა საჭიროებას აფინანსებენ. ამხანაგობას როდესაც სჭირდება, მაგალითად, ლიფტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური მხარდაჭერა, გამგეობა შესაბამისი თანმიმდევრობით ფინანსურ დახმარებას უწევს ამხანაგობას, რათა მოხდეს ლიფტის განახლება. შესაბამისი რეგლამენტის მიხედვით, ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე, ანუ ამხანაგობა. მუნიციპალიტეტის როლი ამ შემთხვევაში გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც ჩვენივე პროგრამით არის დადგენილი. თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა, ჩატარდეს ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა, გამოვლინდეს, აქვს თუ არა ლიფტს რაიმე ხარვეზი. თუ ლიფტს სჭირდება შეკეთება, უნდა მიმართოთ გამგეობას, რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას. ეს გაგრძელდება წელსაც და შემდეგშიც. ჩვენ მზად ვართ, აღნიშნული პროგრამით ხელი შევუწყოთ იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რასაც კორპუსებში მცხოვრები ადამიანები განსაზღვრავთ პრიორიტეტებით. მინდა, ასევე ვთხოვო ჩემს მოადგილეს, კახა გულედანს, უზრუნველყოს, რომ შესაბამისი ინფორმაცია განთავსდეს ოფიციალურ ვებგვერდზე და უფრო ხელმისაწვდომი იყოს დაინტერესებული პირებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
უფრო კონკრეტულად, რომ განვმარტოთ, რა ხდება დღეს? – სხვადასხვა კერძო კომპანიაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სადარბაზოსთვის ახალი ლიფტის შეძენა და შეცვლა საშუალოდ 25 ათასი დოლარი ჯდება. ირკვევა, რომ თანხის 80 %-ს გამგეობა აფინანსებს, ხოლო 20 % მოსახლეობამ უნდა დაფაროს.
პროცედურულად ეს ყველაფერი ასე გამოიყურება – საერთო სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურის სამუშაოები, როგორიც არის ამორტიზებული ლიფტები, დაზიანებული სახურავები, კიბეების რეაბილიტაცია, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამით ხორციელდება.
იმისთვის, რომ გამგეობამ შეძლოს ლიფტის სრული რეაბილიტაცია, „ამხანაგობის“ თავმჯდომარემ უნდა მიმართოს გამგეობას, შესაბამისი წესის მიხედვით. გამგეობის მიერ განხილვის საფუძველზე ხდება მოსახლეობის თანადაფინანსება.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების“ თანადაფინანსების პროგრამით, თბილისის 10-ვე გამგეობამ 40 მილიონ ლარამდე დახარჯა, საიდანაც ლიფტების შეკეთებას 11 მილიონამდე ლარი მოხმარდა.
kalaki.ge-ის კორესპონდენტი დაინტერესდა თუ რა მდგომარეობაა დედაქალაში ამორტიზებულ ლიფტებთან დაკავშირებით და არსებობს თუ არა ავარიული ლიფტების ზუსტი სტატისტიკა, თუმცა თბილისის მერიაში განგვიცხადეს, რომ ასეთი მონაცემები დღეს არ არსებობს.
რამდენად ეფექტიანია დღეს მოქმედი სისტემა და ვინ უნდა აკონტროლებდეს ლიფტის მექანიზმის გამართულობას? კითხვით ლიფტების ინსპექტირების კომპანია “სი ეი ინთერნეიშენალის” გენერალურ დირექტორს მივმართეთ. სანდრო შელია განმარტავს, რომ ლიფტების გაუმართაობა თბილისში სისტემური პრობლემაა. ლიფტების ინსპექტირების კომპანიის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამორტიზებული ლიფტების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს, არ ხდება ავარიული ლიფტების ზუსტი აღრიცხვიანობა, რაც კიდევ უფრო ხელს უშლის პრობლემის აღმოფხვრას ქვეყანაში. ასევე ძირეულ პრობლემად სანდრო შელია მიიჩნევს იმასაც, რომ სახელმწიფო არ იღებს თავის თავზე კოორდინატორის როლს.
„ამორტიზებული ლიფტების შესახებ უნდა არსებობდეს სტატისტიკა და გამართული ბაზა, რომ ვიცოდეთ რამდენი ლიფტია გამართული, რამდენი დაინსპექტირებული და სტანდარტების შესაბამისი. ჩვენ, კერძო ინსპექტირების ორგანო ხომ ვერ შევადგენთ სავალდებულოდ შესაკეთებელი ლიფტების ნუსხას? ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, როგორც მაგალითად ავტოობილების აღრიცხვა, რომ ხდება. იგივენაირად უნდა იყოს ლიფტებზე, ოღონდ ეს უნდა იყოს საჯარო, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს და გადაამოწმოს ის ლიფტი, რომელიც მათ ემსახურება. პრობლემა იმდენად გლობალურია, სახელმწიფო თუ არ აიღებს საკუთარ თავზე, ამ ყველაფრის დათვლა შეუძლებელია. საბჭოთა მემკვიდრეობის ლიფტები თბილისში ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს, რომლებიც დროთა განმავლობაში ძველდება და პრობლემები უფრო იმატებს. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ კადრების ნაკლებობაა – ანუ ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ამ ლიფტებს და ყოველდღიურად აქვთ შეხება, მათ უმრავლესობას სამწუხაროდ არ გააჩნია ცოდნა, არც კომპეტენცია და არ აქვთ ლიცენზია არსებულ საქმიანობაზე“, – აღნიშნა „სი ეი ინთერნეიშენალის” გენერალურმა დირექტორმა.
კითხვაზე თუ რა ჯდება საშუალოდ 1 ლიფტის მონტაჟი 9 სართულიან კორპუსში, სანდრო შელია განმარტავს, რომ საუბარია ათეულობით ათას ლარზე, რაც ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან რთულია.
„ლიფტის გამოცვლასა და ფუნდამენტურ მოდერნიზაციას რაც შეეხება ათეულობით ათას ლარზეა საუბარი, მაგრამ ლიფტების უმრავლესობაში იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ისეთი შეუსაბამობები, რომელიც საშიშია სიცოცხლისთვის და რომლის გამოც ხდება უბედური შემთხვევები შეიძლება 1000 ლარიც კი არ დაჯდეს. ძალიან ხშირ შემთხვევაში ესეთი არის კარის ჩამკეტები, ეს არის სენსორები, რომლებმაც ავარიულად უნდა გააჩერონ ლიფტი, თუ რომელიმე სართულზე კარი გაიღო. ეს მოწყობილობები სულაც არ არის ძვირი. პრიორიტეტი უნდა იყოს უსაფრთხოება. გასაგებია, რომ კარგია, როცა ლიფტი არ ხმაურობს და სარკე აქვს ლამაზი, სუფთაა და ახალი ღილაკები აქვს, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ პირველ რიგში გავმართოთ ის ელემენტები, რომლის გამოც ხდება უბედური შემთხვევები და ამ ელემენტების გამართვა სულაც არ ჯდება ძვირი. ყველა ლიფტი სანამ შეიცვლება პირველ რიგში უნდა გახდეს უსაფრთხო“, – განაცხადა შელიამ.
უსაფრთხოების ექსპერტი გამოსავლის გზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია კომისიის შექმნა, საპარლამენტო ან მთავრობის ეგიდით, სადაც ამ საქმის ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას და კომპლექსურად დაიწყება პრობლემის მოგვარება.
რაც შეეხება მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელს – ირაკლი როსტომაშვილი განმარტავს, რომ ლიფტების შეკეთება მოსახლეობის პირადი პასუხისმგებლობაა და შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის მოგვარება მათ არა ბიუჯეტის ფულით, არამედ თავიანთი პირადი სახსრებით უნდა უზრუნველყონ. მისივე განმარტებით, ლიფტები დაახლოებით 25-წლიანი საექსპლუატაციო ვადით იწარმოებოდა და ამ 25 წლის განმავლობაში მათ მიმდინარე და კაპიტალური რემონტები სჭირდებოდათ. ირაკლი როსტომაშვილის თქმით, 25 წელი დიდი ხანია გავიდა და ეს ვადაგასული ლიფტები არ შეკეთებულა. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მათი დემონტაჟი და გაკეთდეს ახლები, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაილუქოს.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ლიფტებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტი, პირდაპირ გვავალდებულებს ვიცოდეთ მასში გაწერილი ნორმები. ტექნიკურ რეგლამენტში პირდაპირ მოთხოვნაა ვალდებულებების სესახებ, თუ რა უნდა ვიცოდეთ. ამ ყველაფრის ცოდნა განსაზრვრავს იმ რისკების პრევენციას, რაც არსებობს. ამისათვის „ლიფტების ასოციაცია“-ს ბევრჯერ ჰქონდა მცდელობა ჩაეტარებინა სხვადასხვა შემეცნებითი შეხვედრა მოსახლეობასთან.
„ლიფტის მფლობელი ვალდებულია შეამოწმოს მის საკუთრებაში მყოფი ამწე მექანიზმების რისკები, შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ დაუკავშირდეს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირს“, – ეს ის სიტყვებია, რაც ტექნიკურ რეგლამენტში წერია. თუმცა ვინაა ესეთი პირი გაწერილი არაა, რაც შეუსაბამობაა. ჩვეულებრივმა მოქალაქემ როგორ უნდა შეაფასოს რისკები? ან იცის თუ არა ვინ არის კომპეტენტური ამ საკითხში? ვინ არის პასუხისმგებელი პირი? – ეს კითხვები ხშირად ისმის მოსახლეობის მხრიდან.
საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს ეკისრება. შესაბამისად, ვალდებულები ვართ, ჩვენივე მოვალეობად მივიჩნიოთ უსაფრთხოების ზომების მიღება და მათი მკაცრი დაცვა, ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
“ საქართველოს ლიფტების ასოციაცია” საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ლიფტით სარგებლობის წესებს აქვეყნებს. ამ წესების განუხრელი დაცვა კი ლიფტით უსაფრთხო მგზავრობის ერთ-ერთი პირობაა! kalaki.ge უცვლელად გთავაზობთ სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების ნუსხას:
– ნუ შეეხებით შახტის კარს, ნუ ეცდებით მის ხელით გაღებას. კაბინის გამოსაძახებლად თითი დააჭირეთ გამოძახების ღილაკს, თუ გამოძახება დარეგისტრირდა აინთება ღილაკის შუქსიგნალი, დაელოდეთ კარის ავტომატურად გაღებას.
– კაბინაში შესვლამდე დარწმუნდით, რომ კაბინა დგას თქვენი სართულის ზუსტ გაჩერებაზე და კაბინის კუპე განათებულია. იყავით ყურადღებით კაბინაში შესვლა გასვლის დროს.
– კაბინაში შესვლის შემდეგ დარწმუნდით რომ არ იმყოფებით კაბინის კარის სამოძრაო ზონაში და ზედმეტი დაყოვნების გარეშე დააჭირეთ თითი სასურველი სართულის ღილაკს, კაბინის კარი ავტომატურად დაიხურება და ამოძრავდება.
– თუ კაბინის კარი დაიხურა მაგრამ ლიფტი არ ამოძრავდა, ნუ ეცდებით კარის ძალით გაღებას, თითი დააჭირეთ <|> ღილაკს, კარი გაიღება და შეძლებთ კაბინის დატოვებას.
– ბავშვებით მგზავრობისას კაბინაში პირველი შედით თქვენ, ხოლო შემდეგ ბავშვები. კაბინიდან ჯერ გამოდიან ბავშვები, შემდეგ თქვენ.
– ბავშვის საბავშო ეტლით მგზავრობისას, ეტლი დაკეცეთ და ბავშვი აიყვანეთ ხელში ისე შედით კაბინაში.
– შინაურ ცხოველს ხელი მოკიდეთ საყელურში ან აიყვანეთ ხელში.
– თუკი ვერ ახერხებთ გაჩერებული კაბინის დატოვებას ისარგებლეთ საგანგაშო სიგნალით, ან დაუკავშირდით საავარიო-სამაშველო სამსახურს.ნუ შეეცდებით კარის გაღებას და კაბინიდან დამოუკიდებლად გამოსვლას.ნუ მიიღებთ დახმარებას შემთხვევითი პირებისგან,ეს სახიფათოა.
– არ მისცეთ 8 წლის ასაკამდე ბავშვებს უფროსის თანხლების გარეშე დამოუკიდებლად მგზავრობის უფლება.
გახსოვდეთ! ლიფტი სათამაშო არ არის.
– ნუ ისარგებლებთ ლიფტით სახანძრო განგაშის დროს.
– არ მოწიოთ კაბინაში, არ გადატვირთოთ კაბინა, არ გადაზიდოთ არაგაბარიტული, ფეთქებადი, ადვილადაალებადი და მომწამვლელი ტვირთები.
– მოძრაობისას არ გააღოთ კაბინის ან შახტის კარები.
– არ შეხვიდეთ ლიფტის სამანქანე განყოფილებაში, შახტაში და თანაორმოში.
– არ დააზიანოთ ლიფტის მოწყობილობები.