ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა იგეგმება
დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობის მიზნით, თბილისის მერიასა და EBRD-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. დედაქალაქში ნარჩენების მართვის რეფორმა დაიწყო, რომლის მიზანიც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მასშტაბური პროექტის ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.
პროექტი ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას გულისხმობს, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას. დიდი ლილოს პოლიგონზე მოეწყობა შესაბამისი
ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ნარჩენების განთავსების შედეგად გამოფრქვეული მეთანი ჰაერში არ გაიფანტება, მოხდება მისი ელექტოროენერგიად გარდაქმნა და გამოყენება. აღნიშნული სამუშაოებით დიდი ლილოს დასახლებაში გარემოს დაცვის
მიმართულებით არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარდება. შესაბამისი ტენდერის საფუძველზე მოხდება საერთაშორისო კონსულტანტების შერჩევა, რომლებიც ბანკთან და „თბისლერვის ჯგუფთან“ ერთად შეიმუშავებენ სატენდერო დოკუმენტაციას. მომდევნო ეტაპზე კი, საერთაშორისო წესებისა და
პირობების დაცვით, საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება მომავალი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.