რატომ ვერ აშენებს “ლიბერთი სითი” მზიურთან საცხოვრებელ კორპუსს
ჭავჭავაძის 5 ნომერში სამშენებლო კომპანია "ლიბერთი სითი" მშენებლობას უკვე 8 თვეა ვერ იწყებს. მიზეზი დროებითი სატრანსპორტო სქემის შეთანხმების საკითხია. ბიზნესი მერიასთან ვერ თანხმდება სქემაზე, რომლის მიხედვითაც ადგილზე სამშენებლო მასალებს მიიტანენ. საცხოვრებელ კორპუსში ბინას 125 ოჯახი ელოდება.
4-ჯერ შეცვლილი კომპანიის მესაკუთრე და 15 წელი მშენებლობის მოლოდინში. ჭავჭავაძის 5ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მცდელობა 2008 წლიდან დაიწყო. როგორც დაზარალებულები ამბობენ, კომპანიამ 15 წლის განმავლობაში მესაკუთრე რამდენჯერმე გამოიცვალა. ბოლო მესაკუთრემ კი განახლებული სამშენებლო ნებართვა 2022 წლის აგვისტოში აიღო, თუმცა მას შემდეგ ადგილზე წარმოქმნილი შემაფერხებელი გარემოებების გამო სამშენებლო სამუშაოებს ვერ იწყებს.
მათი თქმით, მიზეზი დროებითი სატრანსპორტო სქემის შეთანხმების საკითხია, რომლის მიხედვითაც კომპანიამ მძიმე ტექნიკის დახმარებით ობიექტზე სამშენებლო მასალები უნდა მიიტანოს. წარმოდგენილი სქემა მერიასთან ვერ თანხმდება.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი სატრანსპორტო სქემა მათთვის მისაღები არ არის. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მხრიდან გამოგზავნილ წერილობით პასუხში ვკითხულობთ, რომ მძიმე ტექნიკა არსებული სქემით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მხრიდან არსებული გზის გამოყენებით უნდა გადაადგილდეს, რაც პრობლემურია.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სამშენებლო კომპანიისგან ახალ, ალტერნატიულ სქემას ელოდება, თუმცა “ლიბერთი სითიში” ამბობენ, რომ მსგავსი სქემის მოძიება სამშენებლო ობიექტის ტერიტორიიდან გამომდინარე წარმოუდგენელია.