გასხვისებული ლაგუნა ვერე და ფოტოებით შემონახული სიცოცხლით სავსე ისტორია
ადგილი, სადაც ათწლეულების განმავლობაში გრძელი, ნათელი დღეების ბედნიერი ისტორია იქმნებოდა, რომელმაც უამრავი სპორტსმენი გაზარდა.
ადგილი, სადაც ათწლეულების განმავლობაში გრძელი, ნათელი დღეების ბედნიერი ისტორია იქმნებოდა, რომელმაც უამრავი სპორტსმენი გაზარდა. სპორტსმენების გარდა, კომპლექსს თბილისელების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დანიშნულება ჰქონდა. სივრცე, რომელიც წლების წინ, დიდებისა და პატარების თავშეყრის საყვარელი ადგილი იყო, განადგურებულია. მისი ბედი რამდენიმე ადამიანის ხელში გადავიდა, მაგრამ განახლება არ ეღირსა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი, დედაქალაქისთვის აღარ ფუნქციონირებს.
ცარიელი დერეფნები საცოდავად გამოიყურება, აუზები ხავსსა და მცენარეებს დაუკავებიათ, მაყურებლებისთვის განკუთვნილი ტრიბუნები, რომელებიც ერთ დროს მხარდამჭერების ყიჟინით გუგუნებდა, ახლა დამტვრეული და დაბინძურებულია.
ლაგუნა ვერეს მშენებლობა 1959 წელს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „სატივის უბანში”, მაშინდელი ფიზკულტურელის პარკის ტერიტორიაზე დაიწყო, მაგრამ მალე შეწყდა და მხოლოდ 1976 წელს განახლდა. მისი არქიტექტორები რამაზ კიკნაძე და შოთა ყავლაშვილი იყვნენ. 1978 წლის 13 ოქტომბერს კი კომპლექსი, საზეიმოდ გაიხსნა და ლენინური კომკავშირის სახელი მიენიჭა.
ბაზა ყველა საერთაშორისო სტანდარტს პასუხობდა და ყოფილ სსრკ-ში ანალოგი არ მოეძებნებოდა. აქ ემზადებოდნენ ცურვის, წყალბურთის, წყალში ხტომისა და სინქრონული ცურვის ნაკრები გუნდები. კომპლექსის ძირითადი არენებია: საცურაო აუზი, აუზი წყალში მხტომელთათვის, სასწავლო საცურაო აუზი. სახტომი აუზის თავზე აღმართულია სახტომი კოშკურები, ტრამპლინები. მთავარი სპორტული სარბიელის ტრიბუნები 5 000 მაყურებელს იტევს. ტრიბუნებქვეშა სივრცე სამ სართულს მოიცავს. პირველ სართულზე განთავსებულია სასწავლო-საჭყუმპალაო აბაზანა, წყალში მხტომელთა სავარჯიშო სპეციალური დარბაზი, საგამოფენო, საპრესკონფერენციო და საპრეზენტაციო დარბაზები; მეორე სართულზე – საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ოფისი, სამედიცინო და რეაბილიტაციის კაბინეტები, საუნა; მესამე სართული მთლიანად სპორტთამაშების, ტრენაჟორების, ათლეტიზმისა და შეიპინგის დარბაზებს უკავია.
1992 წელს კომპლექსს ეწოდა „ვერე”, 1997 წელს კი – „ლაგუნა ვერე“. 2000 წლიდან შენობა კერძო საკუთრებაშია. სპორტულ კომპლექსში ეწყობოდა საერთაშორისო შეჯიბრებები. მსოფლიო ჩემპიონმა თანამედროვე ხუთჭიდში, ჰენრი კუპრაშვილმა ლაგუნა ვერეზე უამრავი თაობა აღზარდა და სწორედ აქ გააცოცხლა ცურვის უნიკალური ქართული სახეობა – „ხელფეხშეკრული კოლხური”. 2001 წელს კი საერთაშორისო მედიის თვალწინ ის ოთხგან ხელფეხშეკრული გადახტა აუზში და შეუსვენებლივ გაცურა 2 კილომეტრი. CNN-მა მოცურავეს „ადამიანი დელფინი” შეარქვა. ამ სტილს სამხედრო ტყვეები გასათავისუფლებლად იყენებდნენ. 2004 წლიდან კი, ლაგუნა ვერეზე თავისუფალ კოლხურსა და ხელფეხშეკრულ კოლხურში შეჯიბრება იმართებოდა.
კომპლექსმა ფუნქციონირება 2013 წლის 28 დეკემბრს შეწყვიტა. ამის მიზეზად სიძველე, ამორტიზებულობა და არამომგებიანობა სახელდებოდა. დაახლოებით 8000 იქ მოვარჯიშე ადამიანი და უამრავი თანამშრომელი გარეთ დარჩა.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად მისი ტერიტორია მნიშვნელოვნად დაზარალდა – დაიფარა ლაფითა და ნაგვით. დღემდე კომპლექსს სარეაბილიტაციო სამუშაო არ ჩატარებია.
2023 წლის 18 იანვარს, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, „ქართუ ბანკის“ საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65 სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმება.
საპროექტო წინადადების დამკვეთად მითითებულია კომპანია შპს „კოსტავა 69”, რომლის დირექტორიც კახა კობიაშვილია.
გავრცელებიდან მალევე საზოგადოებისა და ასევე, ექსპერტთა ნაწილის მხრიდან მას დიდი კრიტიკა მოჰყვა. მათი აზრით, პროექტის იდეა შეუთავსებელია ქალაქგეგმარებით სტანდარტებთან და სატრანსპორტო გადატვირთვის საფრთხეებს ქმნის. დაგეგმილი პროექტის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის შეუთავსებელია ამ ტერიტორიაზე, ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციით განსაზღვრულ რეგულაციებთან. სწორედ ამიტომ, კერძო პირი, მშენებლობის განსახორციელებლად ითხოვს, როგორც ზონალური შეთანხმების გაფორმებას, ისე ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო ზონა 2-ის ცვლილებას, საზოგადოებრივ საქმიანი ზონით. ექსპერტთა ნაწილის აზრით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გათვალისწინებული 1000 საცხოვრებელი ერთეულის, პარკინგისა და კომერციული სივრცეების სრული დატვირთვით ამუშავება, პრაქტიკულად აღარ დატოვებს ტერიტორიაზე ნორმალური გადაადგილების შესაძლებლობას.
თბილისის მერიამ პირველადი პროექტი დაახარვეზა, მშენებელმა კომპანიამ ხელახალი გეგმარებითი დავალება წარადგინა. ვიზუალურად ცვლილებები მცირეა, თუმცა ძველი პროექტისგან განსხვავებით, ორს შორის უფრო მაღალი ცათამბჯენი ახლა 52-სართულიანია – ნაცვლად 65 სართულისა.
2023 წლის 7 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ „ლაგუნა ვერესა“ და შპს „ნეო სითი დეველოპმენტს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია „ნეო სითი დეველოპმენტის“ საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.
კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტი“, რომელმაც „ლაგუნა ვერე“ შეისყიდა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ლაგუნა ვერეს“ სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება.
„დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.
კომპანია წარმოადგენს „ლაგუნა ვერეს“ განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც მრავალ წელს ითვლის“. – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანია „ნიუ სითი დეველოპმენტმა” ლაგუნა ვერეს გარდა, მიმდებარე ტერიტორიაც შეისყიდა, სადაც ე.წ ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება და ასევე, იპოდრომის ნაწილიც.