კვარიათის პლაჟზე მრავალსართულიან სასტუმრო კომპლექსს აშენებენ
კვარიათის პლაჟზე, სასტუმრო „პანორამა კვარიათთან“ ახლოს კიდევ ერთი მშენებლობაა დაწყებული. აქ საძირკვლის მოსაწყობად მომაღლო ტერიტორია გამოუთხრიათ. ნაკვეთის ზედა ნაწილში სატრანსპორტო გზა გადის.
რენდერის მიხედვით სასტუმრო 6-სართულიანი იქნება. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 1272 კვ მეტრია. ამშენებლო დოკუმენტების მიხედვით დამკვეთი აქ სასტუმრო აპარტამენტებს აშენებს. უცნობია, სად მოაიაზრებს მშენებელი კომპანია პარკინგის მოწყობას.
რენდერის მიხედვით პროექტი ეზოს და ეზოს ნაწილში აუზის მოწყობასაც ითვალისწინებს. როგორც ჩანს, მშენებელს ეზოს მოწყობა უშუალოდ ზღვამდე აქვს წარმოდგენილი, პლაჟის ხარჯზე, მიუხედავად იმისა, რომ სეზონურად, ზღვა ღელვისას პლაჟის ამ ნაწილსაც ფარავს.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ლიანა მამულაშვილის საკუთრებაა. ადგილზე გამოკრული ბანერის მიხედვით მშენებლობის დამკვეთი შპს „ახალი ჯგუფია“, მშენებელი კი – „ანაგი“. აქ მშენებლობის ნებართვა არჩილ ჩიქოვანმა გასულ წელს გასცა.