ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილი რეისები ორი დღით ბათუმის და თბილისის აეროპორტიდან განხორციელდება
სექტემბრის დასაწყისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება.
ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
კერძოდ, რეაბილიტაციის პერიოდი 3 სექტემბრის დილის 07:00 საათიდან, 5 სექტემბრის ღამის 01:00 საათამდე პერიოდში იგეგმება.
“მგზავრებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ამ პერიოდში დაგეგმილი გაფრენა/მოფრენის დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები!
ავიაკომპანიებმა აეროპორტების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მგზავრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უკვე აცნობეს.
მგზავრების თბილისიდან ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანია “ომნიბუს ექსპრესი” უზრუნველყოფს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.