გახდება თუ არა ქუთაისის აეროპორტი რუსებისთვის ევროპაში სამოგზაურო ჰაბი?
შესაბამისად, Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭი და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყებს.
ქართული უწყების ცნობით, ყველა მიმართულებით ოთხი ფრენა კვირაში სამჯერ ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკევობით შესრულდება.
Forbes-ის რუსული რედაქციის ცნობით, Red Wings-ის ვებგვერდზე 30 მაისს საქართველოს მიმართულებები არ იყო დამატებული, ბილეთების შეძენის მცდელობისას კი მენიუში წარწერა „რეისი არ არის“ ვარდებოდა. Forbes-ის კითხვებზე კომპანიის პრესსამსახურში არ უპასუხიათ.
საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოების ასოციაციის თავმჯდომარე დიმიტრი გორინი Forbes-ის რუსულ რედაქციასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ Red Wings-ს გაყიდვები არ გაუხსნია. „ეს არა რეგულარული, არამედ ჩარტერული რეისებია და ისინი ბილეთებს ავიაბროკერის საშუალებით გაყიდიან“, – მიიჩნევს გორინი.
ასოციაციის თავმჯდომარე ინტერვიუს დროს აღნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კვირაში 7 რეგულარული რეისი სრულდება, რომელსაც რუსული კომპანია „აზიმუტი“ და ქართული Georgian Airways-ი ასრულებენ და ისინი მხოლოდ მოსკოვი-თბილისის მიმართულებით დაფრინავენ. ქუთაისში რეისები გორინის თქმით, იმიტომაა საინტერესო, რომ იქიდან რეისებს ევროპული ლოუკოსტერები ახორციელებენ. ისეთი ავიაკომპანია, როგორიცაა Wizz Air, რომელიც ევროპაში ვარშავის, ლარნაკას, ბარსელონას, რომის, პარიზის და სხვა ქალაქების მიმართულებით დაფრინავს.
გამოცემის თანახმად, დიმიტრი გორინის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქუთაისში Wizz Air-ის ერთ-ერთი ჰაბი, რუსი მოგზაურებისთვის იაფი გადაფრენების დიდ შესაძლებლობებს ხსნის, ეთანხმება “მოგზაურობის სერვისების ტუტუს” „ავიაბილეთების“ მიმართულების ხელმძღვანელი დენის პოკრასენკო. „ქუთაისთან ფრენების გახსნის წყალობით მათ ევროპაში ფრენის ახალი გზები გაუჩნდებათ. ახლა Wizz Air-ის ვებგვერდზე ქუთაისიდან ევროპაში – რომი, პრაღა, ბუდაპეშტი, ვენა, პარიზი და სხვა ერთი მიმართულებით დაახლოებით 5 000 რუბლის ღირებულების ბილეთების შეძენაა შესაძლებელი, სხვა მიმართულებით კი ლარნაკა, აბუ-დაბი და სალონიკის ბილეთების ღირებულება 3 000 რუბლია“ – აცხადებს პოკრასენკო.
მისივე ინფორმაციით, დაახლოებით ამ ფასად მგზავრობენ რუსი მოგზაურები სტამბოლის გავლით ევროპაში, მაგრამ არსებობს მიმართულებები, რომელიც უფრო ხელსაყრელი შეიძლება გახდეს. „ჩვენი ვარაუდით მოსკოვი-პარიზი, მოსკოვი-რომი, მოსკოვი-სალონიკი ფრენა დაახლოებით 20-25 ათას რუბლად იქნება შესაძლებელი, ახლა კი ამ მიმართულებით მგზავრობა მინიმუმ 30 000 რუბლი ჯდება“, – განაცხადა პოკრასენკომ.
ქუთაისის აეროპორტის მიმზიდველობაზე საუბრობს ასევე დარგობრივი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ავიაპორტის“ აღმასრულებელი დირექორტორი ოლენ პანტელეევი. „რუსეთის ევროპული ნაწილისგან ქუთაისში ფრენა შესაძლოა მიმზიდველი აღმოჩნდეს მგზავრობის მინიმალური დროის გამო. ერევანიც კი, რომელზეც გარკვეული მოთხოვნა არსებობს, უფრო შორს მდებარეობს, სტამბოლი კი უფრო შორსაა“, – აღნიშნავს ის. თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელი Forbes-თან ინტერვიუში ნაკლოვანებებზე საუბრობს: „ქუთაისიდან პოპულარული მიმართულებებით Wizz Air-ის ფრენის სიხშირე ყოველდღიური არ არის, თუმცა კომპანია თავის სატარიფო პოლიტიკას გადახედავს თუ მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება, გამორიცხული არ არის, რომ გადამზიდავი მდგომარეობის მიხედვით იმოქმედებს და სიხშირეებს გაზრდის“.
საჰაერო ტრანსპორტი სააგენტოების ასოციაციის თავმჯდომარე დიმიტრი გორინი ყურადღებას სხვა პრობლემებზე ამახვილებს, მისი თქმით, Red Wings-ი ფრენებს მცირე ზომის Sukhoi Superjet-ებით ახორციელებს. ამასთან, მაგალითისთვის სტამბულში ან ერევანში ფრენებს დიდი ზომის უცხოური წარმოების ხომალდები Boeing 777, Boeing 737, Аirbus 320, Аirbus 321-ები ასრულებენ. გორინი Forbes-სთან აღნიშნავს, რომ ქუთაისის გავლით ფრენებს სხვა ნაკლოვანებაც აქვს: „სხვადასხვა გადამზიდავები, ორ რეისზე ცალკეული რეგისტრაცია, მოგზაურობის დანიშნულების ბოლო ადგილამდე ბარგის დარეგისტრირების შეუძლებლობა, გადაჯდომის დრო“.