ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 72%-ით გაიზარდა
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მარტში აეროპორტით 91 802 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის მარტი 53,316 მგზავრი). მგზავრთნაკადის გარდა, მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. მარტში აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 304 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის მარტი - 185 რეისი). სამი თვის ჭრილში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 256 213 მგზავრსა და 854 რეისს მოემსახურა.
ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.
2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.