იმერეთი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად რეგიონად რჩება ტურიზმის სფეროში – უცხოელი ტურისტების ინტერესი ქუთაისის მიმართ იზრდება
საერთაშორისო გავლენიანმა გამოცემა TIME-მა ქუთაისი 100 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა.
უწყების ცნობით, გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვედრა, საერთაშორისო აღიარების ტოფასია.
„ეს არის იმერეთის და მისი ტურისტული ინდუსტრიის დიდი საერთაშორისო აღიარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ცნობადობასთან ერთად პოპულარიზება გავუწიოთ რეგიონების ტურისტულ შესაძლებლობებსაც და ამ მხრივ, იმერეთი ნამდვილად გამორჩეული მხარეა თავისი ისტორიით, კულტურის ძეგლებით, დაცული ტერიტორიებით, გასტრონომიით, ღვინის ინდუსტრიით და სხვ. გამომდინარე აქედან, ჩვენ მუდმივად ვეწევით იმერეთის პოპულარიზებას. გარდა ამისა, ქვეყნის ყველაზე მზარდი აეროპორტის სიახლოვე ასევე პოზიტიურად აისახება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მატებაზე საქართველოს ამ უძველეს ქალაქში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ხორციელდებოდეს მეტი ფრენა მეტი მიმართულებით.
მგზავრთნაკადის მატება, ბუნებრივია, ზრდის ინტერესს ქუთაისისა და ზოგადად იმერეთის ტურისტული ობიექტებისა და სერვისების მიმართ. TIME-მა კარგად შენიშნა ეს ტენდენცია, რაც ქუთაისის მიმართ არსებობს საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით, თუმცა, პოტენციალი გაცილებით დიდია”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.