ღია აუზი, დეტოქს კაფე, მიწისქვეშა პარკირება – მესაკუთრე კუს ტბის რეაბილიტაციას გეგმავს
კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ქალაქის შუაგულში მდებარე რეკრეაციული სივრცე განახლდებოდა.
კუს ტბის მესაკუთრეებმა ტერიტორიის განვითარების წინადადებით თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართეს. გეგმარებითი დავალების დამტკიცების პროცედურა უკვე თითქმის 10 თვეა მიმდინარეობს და კუს ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/განახლებას გულისხმობს.
არსებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ცენტრალური მოედანი, სადაც ამ დროისთვის პარკინგია განთავსებული სრულად გათავისუფლდება და განიხილება, რომ ადგილზე მიწისქვეშა პარკინგი მოეწყოს.
ასევე პროექტის მიხედვით გეგმაშია, მიწისქვეშ კვების ობიექტის მოწყობაც, ხოლო დღეს პარკინგად ქცეული მოედანი საფეხმავლო სივრცედ გადაკეთდება.
კუს ტბის რეკონსტრუქცია/განახლების წინადადება ამ ეტაპზე გეგმარებითი დავალების მომზადების სტადიაზეა, რომელსაც განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება-დამტკიცება მოსდევს. საბოლოო გადაწყვეტილება კი პროექტზე თბილისის საკრებულომ უნდა მიიღოს.