ერთი დღე კოტე აფხაზის ქუჩაზე
ძველ თბილისში ხეტიალის მოყვარული ყველა ადამიანისათვის საუკეთესო ადგილია კოტე აფხაზის ქუჩა...
ძველ თბილისში ხეტიალის მოყვარული ყველა ადამიანისათვის საუკეთესო ადგილია კოტე აფხაზის ქუჩა, თავისი მიმდებარე პარალელური, ვიწრო ქუჩებით. აქ ძველისა და ახლის შერწყმა საუკეთესოდ აღწერს, წარსულისა და დღევანდელობის რეალურ სახეს.
ეს ქუჩა კალას უბანში მდებარეობს და თავისუფლების მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნამდე გრძელდება. აქ შეძლებთ დაათვალიეროთ თბილისის სიონის ტაძარი, XIX და XX საუკუნის არქიტექტურა, ნორაშენის ღვთისმშობლისა და ჯვარის მამის ეკლესიები, სინაგოგა.
კოტე აფხაზის, სიონისა და ერეკლე მეორის ქუჩების შესაყარზე მდებარეობს ისტორიული, წითელი აგურის ნაგებობა, რომელსაც ათწლეულებია სტუმარი აღარ მიუღია. ფანჯრების ნაწილს სამშენებლო ბადეები ფარავს, მეორე ნაწილიდან კი ნათლად ჩანს ინტერიერი, რომელსაც თითქმის აღარაფერი აქვს საერთო საუკუნის წინანდელ სურათთან. სანამ ძველი თბილისის ყოფა წარსულს ჩაბარდებოდა, შენობაში მოქმედებდა ხოჯაპორუხოვისა და მაისურაძის ქარვასლა, რომელიც თავისი გამორჩეული არქიტექტურული სტილით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. სიტყვა „ქარვასლა“ სპასულ-თურქული წარმომავლობისაა და ქარავნის სახლს ნიშნავს, რომელიც ისტორიულად მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში სახალხო დაწესებულებას წარმოადგენდა, როგორც ვაჭრებისათვის, ასევე შორ მანძილზე მოგზაურთათვის. ასეთი ქარვასლები აფხაზის ქუჩაზე რამდენიმე ყოფილა.
გზად სიონის ტაძრიდან მოყოლებული სულ უფრო და უფრო საოცარ გარემოში იგრძნობთ თავს. პირველივე, რაც თვალში მოგხვდებათ ერეკლე II-ის ქუჩაზე ქართული და კავკასიური ხალიჩების გალერეაა. საოცარი სანახაობის მომსწრენი გახდებით. ნაირფერი ხალიჩებით მორთულ გარემოში, ფასის გაკითხვას დაიწყებთ და მიხვდებით, რომ ტრადიციული, ქართული ნაწარმი მხოლოდ უცხოელთა იმდზეღა დარჩენილა. დაუჯერებელია, რომ ტრადიციული ხელოვნების ნიმუშებით უცხოელები უფრო ინტერესდებიან ვიდრე ქართველები, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ სუვენირებს, ფარდაგებს, ხალიჩებს, მინანქარს ყველაზე ნაკლებად სწორედ ქართველები ყიდულობენ. მიზეზი ალბათ გასაგებიცაა…
ორიოდე ნაბიჯში გერმანულ-ქართული რესტორანი „შტელცეს სახლი“ შეგხვდებათ. სიმწვანით გაფორმებულ რესტორან „შტელცეს“ სამივე დარბაზში განსხვავებული ატმოსფეროა. პირველი სართული საქმიანი შეხვედრების, ოჯახური სადილის, კერძო პაემნებისა და ტურისტების სასურველი ადგილია. ქვედა დარბაზი საოჯახო იუბილეების, დაბადების დღეეების, კორპორატიული და სპორტული ღონისძიებების აღსანიშნავად არის განკუთვნილი.
„შტელცეს“ გასწვრივ კი ყვავილებისა და ლამპიონების ქვეყანაში აღმოჩნდებით, სადაც ერეკლეს ქუჩაზე ჩაყოლებიულია კაფე-ბარებისა და რესტორნების მწკრივი. იმდენად თვალისმომჭრელია, ფერადი ყვავილებისა და ინტერიერის სიჭრელე, რომ არჩევანის გაკეთება გაგიჭირდებათ თუ სად გაატაროთ თავისუფალი დრო.
ვინოგრაუნდი, მეგობრების სახლი, ბატონი, კაფე-ბარი ალკოჰოლიკი და მრავალი სხვა, რომლების შესასვლელშიც წარმოსადეგი ახალგაზრდები უცხო ენაზე გეპატიჟებიან, რომ ესტუმრო და დატკბე სასიამოვნო გარემოთი, კერძებითა და მუსიკით. რესტორნებსა და კაფე-ბარებს ალაგ-ალაგ წარწერებიც მიჰყვება „Hotel“.
მწკრივის ბოლოში კი მარჯვნივ გაიხედავ თუ არა, უზარმაზარ სივრცეზე გადაჭიმული, „მშვიდობის საცალფეხო ხიდი“ გხვდებათ. „მშვიდობის ხიდი“, მას შუშის ხიდსაც ეძახიან, რადგან მძლავრი კარკასის კონსტრუქციის მქონე შუშის გუმბათისგან არის ნაგები. ის აკავშირებს ქალაქის ორ უბანს – ერეკლე II-ის ქუჩასა და რიყის პარკს, ავლაბრის რაიონში. გარდა ამისა, ის განკუთვნილია მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისათვის. უნდა ვაღიაროთ, რომ ხიდი საღამოს უფრო მიმზიდველად გამოიყურება. მიმდებარედ საპატრიარქოს შენობა დგას და მშენებლობებია.
ჩიხიდან ისევ კოტე აფხაზის ქუჩაზე გახვალთ, სადაც ახალი და ძველი შენობები ერთმანეთშია არეული.
გრანდიოზული ახალი ნაშენები სასტუმროები და ოჯახური სასტუმროები, რომლებიც ადგილობრივებს შემოსავლის წყაროდ უქცევიათ, შემოსავლის წყაროა მათთვის ასევე ჩაყოლებაზე მაღაზიები უამრავი ტკბილეულის დასაგემოვნებლად, პატარ-პატარა საცხობები. ყავის ჯიხურების მფლობელებს, ადგილის სიმცირის გამო, პირდაპირ ტროტუარზე გამოუდგამთ ერთი მაგიდა და ორი სკამი. აქვე შეხვედებით ტრადიციული ქართული სამოსის მაღაზიებს.
გარემო ისეთია თითქოს ქუჩას ისტორიული სახელი გაუმართლებია – მას „შუა ბაზარი“ ეწოდებოდა. ქუჩას ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ ორ უბანს – ზემო და ქვემო უბანს შუა მდებარეობდა. აქ ოფიციალური ბაზარი არ იყო, თუმცა მუდამ ხალხით იყო გადაჭედილი და ვაჭრობის არაოფიციალური ცენტრი გახლდათ. ქუჩის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო განლაგებული სავაჭრო დუქნები, სახელოსნოები და საკულტო ნაგებობები და ფაქტობრივად, ქალაქის სავაჭრო-სახელოსნო ცენტრს, თავისებურ ბირჟას წარმოადგენდა.
კოტე აფხაზის ქუჩის კვეთაზე ვიწრო ქუჩებია. რამდენიმე მათგანის სივიწროვე გაგაკვირვებთ. თითქოს პროექტის ავტორს ადგილის სიმცირის გამო, სპეციალურად დაუპროექტებია ისინი ასეთი ვიწრო. ესენია: ხოდაშენის ქუჩა, ანტონ კათალიკოსის ქუჩა, ყავლაშვილის ქუჩა, ვერცხლის ქუჩა, კ.ცინცაძის ქუჩა, ივერიის ქუჩა, დიუმას ქუჩა და აბესაძის ქუჩა. თითოეული მათგანი კოტე აფხაზის ქუჩას კვეთავს.
ფასადს მიღმა კი რა ხდება? – ამის დანახვა უდიდეს ტკივილს მოგაყენებთ, თვალი ცრემლით აგევსებათ, იმის დანახვაზე თუ რამხელა საგანძურია განადგურებული და ჩამოშლილი. ჩამონგრეული კედლები, ავარიულად გადაწოლილი შენობები, უჩვეულო სილამაზის ხის კიბის უჯრედები თითქმის განადგურებულა, ხის მოაჯირიანი ნაქარგი აივნები შემოძარცულს ჰგავს, ალაგ-ალაგ მოცლილი მოაჯირებით. ვიწრო ქუჩას იმდენად ვიწრო საფეხმავლო მიუყვება, ორი ადამიანი ერთმანეთს გვერდს ვერ აუქცევს. ქუჩის ნაწილი შენობები, რიგ მოქალაქეებს, ვისაც ცოტა საშუალება ჰქონია, შეულამაზებია, სასტუმროდ და პატარა კაფეებად გადაუკეთებია. თუმცა უმეტესობა მათგანი, ნაომარ ქალაქს ჰგავს, სადაც თითქოს ქალაქს მტერი შემოსევია და კაციშვილის ჭაჭანება არაა. სახლების უმეტესობა მიტოვებულს ჰგავს. შენობის ძირითადი შესასვლელი კარი, ძველი ხუროთ ნაკეთებ ანტიკვარს მოგაგონებთ, მაგრამ იერსახე შელახული აქვს. გარდა სიძველისა მოუვლელობის განცდას ტოვებს. არადა იშვიათია ასეთი ნაჭედი კარი, რომელმაც თითქმის საუკუნეს გაუძლო. შეღებულ კარს მიღმა კი მეორე სართულზე ასასვლელი პატარა ხის კიბეეებია. ზოგი უბრალო ზოგი კი ხელოვნების ნიმუშს ჰგავს. ტურისტებს უყვართ ნგრევის პირას მისული ძველი შენობების დათვალიერება. ვხედავ, თუ როგორ პოზირებენ ისინი ძველი კარებისა და ჩამოყრილი ბათქაშის ფონზე. ისინი ამას სიძველისა და ძველი სიმდიდრის, დიდი ხნის წინანდელი ისტორიული არქიტექტურის ინტერესის გამო აკეთებენ. მრავალ ქვეყანაში შეხვდებით მსგავს ძველ შენობებს, ოღონდ იერსახე შენარჩუნებულსა და აღდგენილს, ჩვენთან კი ისეთი სურათია, ამის ნაკლოვანებას განვიცდით.
1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია, როგორც სომხის ქუჩა და პავლე ციციანოვის ქუჩა (ვერცხლის ქუჩასთან ერთად). თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია, როგორც პავლე ციციანოვის ქუჩა (სომხის ბაზარი, ქურქისა და იარაღის რიგები), 1876 და შემდგომი წლების გეგმებზე — როგორც სომხის ბაზარი. XX საუკუნის 30-იან წლებში სარეწაო კოოპერაციის საბჭო. 1938 — სილიბისტრო თოდრიას, 1944 — კონსტანტინე ლესელიძის, 2006 წელს კი კოტე აფხაზის სახელი ეწოდა.