თბილისის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსის კედელი ჩამოინგრა-შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
თბილისის ცენტრში, ნინოშვილის ქუჩაზე სამ სართულიანი საცხოვრებლის კედელი ჩამოინგრა, როგორც მაცხოვრებლები ყვებიან, საცხოვრებლის სარდაფში წყლის მილი დიდი ხნის წინ დაზიანდა, ხოლო მას შემდეგ რაც GWP-ის წარმომადგენლებმა მილის შესაკეთებლად მუშაობა დაიწყეს კედელზე ბზარები გაჩნდა.
კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, ბზარების შესახებ მაშინვე ჩუღურეთის გამგეობას აცნობეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. გამგეობიდან შინ დაბრუნებულებს კი კედელი ჩამონგრეული დახვდათ. ფაქტს თბილისის მერია წერილობით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ნინოშვილის ქუჩაზე, მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე წყალარინების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობდა. პროექტის მსვლელობისას ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ აღმოჩენილი იქნა კომპანია GWP-ს მილის დაზიანება, მყისიერად გადაეცა საკითხი აღნიშნულ კომპანიას, რომელმაც გუშინ დაიწყო პრობლემაზე მუშაობა.
ფრაგმენტული ნგრევის შედეგად არავინ დაზარალებულა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ობიექტის შესწავლა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ და თუ საჭირო გახდა, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მოქალაქეებს უზრუნველყოფს საცხოვრებლით, ვიდრე აღნიშნული შენობა არ იქნება უსაფრთხო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.