კორპუსი კორპუსის წინ – მიქელაძის ქ.11 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას მზის შუქისა და ხედის გარეშე დარჩენა ემუქრება
საცხოვრებელი კორპუსის წინ, რამდენიმე წლის უკან, გაიყიდა გზა, რომელზეც ახლა ახალი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. იმ შემთხვევაში თუ ახალი კორპუსი აშენდება, ევგენი მიქელაძის 11 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას მზის სხივებისა და ხედის გარეშე დარჩენა ემუქრება, ვინაიდან ახალი ბეტონის კონსტრუქცია ფაქტობრივად, საცხოვრებელი აივნების გასწვრივ აშენდება.
მოსახლეობა განმარტავს, რომ მათ ყველანაირი დოკუმენტაცია აქვთ ახალაშენებული კორპუსის უკანონო ქმედებებზე. რაც შეეხება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, უწყების განმარტებით მშენებლობაზე ნებართვა გაცემულია.
სამშენებლო კომპანიამ “რენესანს ესთეითმა” ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყება სცადა. ადგილზე, სადაც ბეტონის კონსტრუქცია უნდა აშენდეს, მაღალი ძაბვის კაბელები გადის. კომპანიის წარმომადგენლებმა კაბელები თვითნებურად მოხსნეს და საცხოვრებელ კორპუსს მიამაგრეს. ადგილობრივებმა საპატრულო პოლიციასა და ზედამხედველობას მიმართეს, თუმცა ფაქტს სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.
ამ დროისთვის ახალი კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია. მოსახლეობამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სასამართლო უწყებას უკვე მიმართა.