კახა კალაძე-კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 72 ოჯახი არჩილ მეფის ქუჩის N17-ში საცხოვრებელ ფართს მიიღებს
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კოოპერატიული მშენებლობით დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, არჩილ მეფის N17-ში 72 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს.
მერიამ შპს „დეკა დეველოპმენტთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დაზარალებულებისთვის 5700 კვ. მეტრ საცხოვრებელ ფართს გამოყოფს.
აღსანიშნავია, რომ, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, გამარჯვებული 31 ობიექტზე გამოვლინდა. მერის განმარტებით, მშენებლობა დასრულებულია ხუთ პროექტზე და ფართები ფაქტობრივი მდგომარეობით 226 ოჯახს გადაეცემა.
„მშენებლობის ეტაპზეა 22 პროექტი, რომელზედაც გაცემულია სამშენებლო ნებართვა და რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 1 100-მდე ოჯახი. ასევე, სანებართვო ეტაპზეა რვა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 680-მდე ოჯახი. ეს იყო ჩვენი დაპირება, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს არ დავტოვებდით ყურადღების გარეშე. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ არ დაგვრჩება არც ერთი ოჯახი ფართებით დაკმაყოფილების გარეშე – ყველას დავეხმარებით და ის ვალდებულება, რომელიც აღებული ჰქონდა სახელმწიფოს ათეულობით წლის წინ, შესრულდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.