მასშტაბურია თუ არა უძრავ ქონებაზე ქირის ფასის ზრდა
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აფრთხილებს - ამის შესახებ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში არის საუბარი. ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ უძრავი ქონების გაქირავების ფასები მკვეთრად არის გაზრდილი, რაც უძრავი ქონების ფასების ზრდის ტრენდს აჭარბებს.
ეროვნული ბანკის შეფასებით, იმ კრედიტებში რომლებიც უძრავი ქონების გაქირავებაზე არის ორიენტირებული, კომერციულმა ბანკებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგანაც ამჟამად ქირის გაზრდილი ფასების წამყვანი მიზეზი დროებით ფაქტორად შეიძლება იქნეს განხილული.
“უძრავი ქონების ბაზარზე ქირის ფასი კვლავ გაზრდილ დონეზე ნარჩუნდება. ბოლო წლებში უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული.
რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა. უძრავი ქონების გაყიდვის ფასების ზრდა მეტწილად მშენებლობის ხარჯებისა და სამრეწველო პროდუქციის ინფლაციის თანაზომიერია.
ხოლო ქირის შემთხვევაში, ზრდა უფრო მასშტაბურია და მის გრძელვადიან ტრენდს დაახლოებით 30%-ით აღემატება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი რეკომენდაციას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს, დაკრედიტებისას ქირიდან მისაღები შემოსავლების სტაბილურობის შეფასებისას გაითვალისწინონ აღნიშნული დინამიკა,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
TBC Capital-ის მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის მარტის მდგომარეობით, თბილისში ერთი კვადრატული მეტრის ქირის საშუალო ფასი თვეში 13.2 დოლარია, რაც წინა წელს არსებულ ფასს 6.3 დოლარს ორჯერ აღემატება.