რა შემთხვევაში მიიღებენ რკინიგზის მგზავრები კომპენსაციას კომპანიისგან და რას გულისხმობს ფულადი კომპენსაცია

ამიერიდან მგზავრთა უფლებების დარღვევისთვის რკინიგზას კომპენსაციების გაცემა მოუწევს. ახალი რეგულაციის თანახმად მგზავრებისთვის თანხის ანაზღაურება შემდეგნაირად მოხდება:

რა შემთხვევაში მიიღებენ რკინიგზის მგზავრები კომპენსაციას კომპანიისგან და რას გულისხმობს ფულადი კომპენსაცია

ა) ბილეთის მთლიანი ღირებულების ანაზღაურება მგზავრობის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც არ განხორციელდა, ან უკვე განხორციელდა, თუ ისინი აღარ ემსახურება მგზავრის თავდაპირველ მგზავრობის გეგმას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მგზავრი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამგზავრების პირველ პუნქტში დაბრუნების მომსახურებით, პირველივე შესაძლებლობისთანავე:

ბ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად, მსგავსი სატრანსპორტო პირობებით და პირველივე შესაძლებლობისთანავე:

გ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად, მსგავსი სატრანსპორტო პირობებით და მგზავრისათვის მოსახერხებელ დროს.
ცვლილებების მიხედვით, მიუხედავად იმისა, მარშრუტის შეცვლა ხორციელდება დაგვიანებული მომსახურების განმახორციელებელი სარკინიგზო საწარმოს თუ სხვა სარკინიგზო საწარმოს მიერ, აღნიშნულმა არ უნდა წარმოშვას დამატებითი ხარჯები მგზავრისთვის.
ეს მოთხოვნა ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მარშრუტის შეცვლა მოიაზრებს მომსახურების უფრო მაღალი კლასის მქონე ტრანსპორტისა და ტრანსპორტის ალტერნატიული სახეობების გამოყენებას. სარკინიგზო საწარმოებმა უნდა მიმართონ გონივრულ ძალისხმევას დამატებითი დაკავშირებული რეისების/გადაჯდომების თავიდან ასაცილებლად და უნდა უზრუნველყონ რაც შეიძლება მცირე დროით დაგვიანება მგზავრობის მთლიანი დროის ფარგლებში. ამასთან, მგზავრები არ უნდა განთავსდნენ უფრო დაბალი კლასის სატრანსპორტო საშუალებებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი საშუალებები მარშრუტის შეცვლის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა.
რაც შეეხება თანხის ანაზღაურებას, ეს უნდა მოხდეს მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში.

დოკუმენტის მიხედვით, მგზავრი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისათვის, თუ ის იგვიანებს ბილეთზე მითითებული გამგზავრების პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაადგილებისას და ბილეთში გადახდილი თანხა ანაზღაურებული არ არის.
დაგვიანებისათვის გათვალისწინებული მინიმალური კომპენსაცია კი შეადგენს შემდეგს:

ბილეთის ღირებულების 25 %-ს 60-დან 120 წუთამდე დაგვიანებისათვის:

ბილეთის ღირებულების 50 %-ს 120 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანებისათვის.
ცვლილებების თანახმად, მგზავრი ვერ მიიღებს კომპენსაციას, თუ ის ინფორმირებულია დაგვიანების შესახებ ბილეთის შეძენამდე ან თუ სხვა მომსახურების ფარგლებში მგზავრობის გაგრძელებით ან მარშრუტის შეცვლით გამოწვეული დაგვიანების ხანგრძლივობა 60 წუთზე ნაკლებია.
ხოლო, სარკინიგზო საწარმო ვალდებული არ არის გადაიხადოს კომპენსაცია, თუ მგზავრის ბილეთში მითითებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დაგვიანება, მომსახურების შეწყვეტა ან მგზავრის გადასხდომის დაგვიანება გამოწვეულია ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:
ა) საგანგებო გარემოებები, რომლებიც არ უკავშირდება უშუალოდ რკინიგზის საქმიანობას, მათ შორის მეტეოროლოგიური პირობები, სტიქიური მოვლენები, ეპიდემია და სხვა.
ბ) მგზავრის ბრალით:

გ) მესამე პირის ქმედება, როგორიცაა ლიანდაგზე მყოფი ადამიანები, ელექტროგაყვანილობების ქურდობა, საგანგებო სიტუაცია ბორტზე, სამართალდამცავი ორგანოების ღონისძიებები, საბოტაჟი, ტერორიზმი ან სხვა.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების მიხედვით, მგზავრობის საფასური მგზავრს ასევე მთლიანად უბრუნდება ავადმყოფობის ან ბილეთში აღნიშნული ადგილით უკმაყოფილებისა და მის ნაცვლად შეთავაზებული სხვა ადგილით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში.