ხუთი საბჭოთა ეპოქის შენობა თბილისში
თბილისში უამრავი, სხვადასხვა ეპოქაში აშენებული შენობაა, აქედან გამომდინარე ისინი ვიზუალურად ერთმანეთისაგან განსხვავდებიან.
თბილისში უამრავი, სხვადასხვა ეპოქაში აშენებული შენობაა, აქედან გამომდინარე ისინი ვიზუალურად ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. საბჭოთა დროინდელ შენობებს, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდებით. ნაგებობები ნათლად გამოხატავენ საბჭოთა წყობის სურვილს, თუ როგორ სურდათ თავისი სიძლიერე შენობების სტილშიც წარმოეჩინათ, საკუთარ არქიტექტურაში გამოეხატათ სოციალისტური და კომუნისტური იდეოლოგია. როგორ მოხდა ამ შენობების ათვისება და შერწყმა ეპოქასთან და მისი დაშლის შემდეგ - ამის უამრავი მაგალითი გვაქვს.
როგორ შეიცვალა საბჭოთა კავშირის დროინდელმა შენობებმა სახე და ფუნქცია – ამას 5 საბჭოთა დროინდელი შენობის მაგალითზე განვიხილავთ.
ექსპოჯორჯია
თბილისის გეოგრაფიული ცენტრის, დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, უფრო ზუსტად წერთლისა და სამტრედიის ქუჩების კვეთასთან, ყველასათვის „გამოფენად“ ცნობილი „ექსპოჯორჯია“ მდებარეობს.
თავდაპირველად თბილისში 1957 წელს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის საბჭოს მუდმივმოქმედი სამრეწველო გამოფენა დაარსდა, რომლის საფუძველზეც 1960 წელს გაიხსნა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა, ხოლო 1991-დან „საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური და კომერციული გამოფენების ცენტრი“ ეწოდა. მისი ფართობია 15,3 ჰა; საგამოფენო გადახურული ფართი – 7400 მ; საგამოფენო ღია ფართი – 1,5 ჰა; საპარკო ზონა – 3,2 ჰა; სუბტროპიკული კულტურების ორანჟერეა – 930 მ; ორი დეკორატიული აუზი თავისი შადრევნებით – 2 368 მ; აქვე განლაგებულია და მოქმედებს თერთმეტი თანამედროვე საგამოფენო პავილიონი, საერთ ფართობით 7 410 მ, რომლებიც აღჭურვილია ელექტრომომარაგებით, წყალსადენით, სატელეფონო აპარატურით; აქვს საკონფერენციო დარბაზი თანამედროვე სინქრონული თარგმანის აპარატურით; საბაჟო ტერმინალი; ავტოსადგომი მსუბუქი ავტომანქანებისა და რაილერებისათვის; აგრეთვე ეროვნული და ევროპული სამზარეულოს რესტორანი; ღია საკონცერტო მოედანი და სხვ.
ექსპოჯორჯიას საქმიანობის მიზანია საქართველოს და საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ორგანიზაციებს შორის ეკონოიკური, მეცნიერულ-ტექნიკური სავაჭრო კავშირებისა და ურთერთთანამშრომლობის განვითარება. აქ იმართება საქართველოსა და საერთაშორისო გამოფენები, გამოფენა-პრეზენტაციები, ბაზრობები, აუქციონები, ვაჭრობები, კონგრესები, სამეცნიერო კონფერენციები, კულტურისა და ფოლკლორის ფესტივალები, ვერნისაჟები და სხვა ოფიციალური ღონისძიებები.
1960 წლიდან საგამოფენო პავილიონებში ჩატარდა ასზე მეტი საერთაშორისო და ეროვნული სხვადასხვა თემატიკური და დარგობრივი გმოფენა, გამოფენა-გაყიდვა, გამოფენა-პრეზენტაცია, კონგრესი და კონფერენცია.
რიტუალების სასახლე
ქორწინების სასახლის პროექტი, რომელიც თბილისში მდებარე ბორცვზე ავლაბარში, ბოჭორმის ქ. 21-ში დგას, ვიქტორ (ბუცა) ჯორბენაძეს ეკუთვნის. მშენებლობა 1979 წელს შეუკვეთეს და 1984 წელს დასრულდა. ეს პერიოდი საბჭოთა კავშირის მასშტაბით იყო სტაგნაციის ხანა, როდესაც ცენზურა განსაკუთრებით აქტიური და სასტიკი იყო.
შენობის მასშტაბები და ღირებულება თანამედროვეთა დიდი მითქმა-მოთქმის საგანი გამხდარა. მაშინდელი საზოგადოებისთვის სრულ შოკს წარმოადგენდა ისიც, რომ სასახლე ქრისტიანული ტაძრის ფორმას იმეორებდა.
სასახლე კარგად ჩაეწერა გარემოში და თავისი დომინირებული მდგომარეობით გაამდიდრა ქალაქის სილუეტი. თანამედროვე ნაგებობა, საკმაოდ გართულებული, მრუდხაზოვანი ფორმებით, გაბატონებულია არსებულ დაბალსართულიან განაშენიანებაში და ქმნის ამ რაიონში ახალ მასშტაბს. საინტერესოდაა გადაწყვეტილი ინტერიერები, რომლებსაც ამშვენებს ფერწერული ნამუშევრები, ჭედურობა. ცენტრალური შესასვლელის წინ ფართო კიბეზე აღმართულ სვეტზე დგას ბრინჯაოსგან ჩამოსხმული დიონისეს კლასიკური ფიგურა. ეს არის გადიდებული ასლი პატარა ქანდაკების, რომელიც ნაპოვნია არქეოლოგიური გათხრების დროს.
არქეოლოგიური მუზეუმი
არქეოლოგიური მუზეუმი მდებარეობს თბილისში დიღმის მასივის თრელიგორების ნასახლარის ერთ-ერთ ბორცვზე. შენობის ავტორები 1979 წელს, შოთა ყავლაშილი და შოთა გვანცელაძე იყვნენ, მოქანდაკე კი თენგიზ კიკალიშვილი. მუზეუმი არქეოლოგ როსტომ აბრამიშვილის ინიციატივით 1988 წელს დაარსდა. მუზეუმში დაცულია თანამედროვე თბილისის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის უმეტესობა. ქალაქის ტერიტორიაზე გამოვლენილი 200-ზე მეტი არქეოლოგიური ძეგლი 6000-წლოვანი უწყვეტი დასახლების ისტორიას ასახავს.
ე.წ. საბჭოთა ბეტმენი
ყოფილი ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმის კომპლექსი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ტექნიკუმის კომპლექსი 1978 წელს არქიტექტორმა ნიკოლოზ ლაზარიშვილმა ააშენა. ის შემაღლებულ ადგილას, გორაზე დგას, მარშალ გელოვანისა და ბროწეულის ქუჩებს შორის.
დღეს ის დევნილების თავშესაფარი და ნაწილობრივ უფუნქციოდ მიტოვებული მონუმენტური ნაგებობაა. კომპლექსი ხუთი ნაგებობისგან შედგება, რომელთაგან ერთი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ერთი შეხედვით უხეში, ძლიერი კონსოლით წინ გადმოწეული ნაგებობა, კლდის ჰორიზონტალურ ხაზს მიჰყვება, ამ ნაწილის ფასადს ამშვენებდა ბარიელიფი, რომელსაც თანამედროვეებმა “ბეტმენი” უწოდეს.
ე.წ. “საბჭოთა ბეტმენი“, 2018 წლიდან ნელ-ნელა იძარცვებოდა. შენობის ფასადზე ამჯერად მხოლოდ რკინა-ბეტონის ფრაგმენტებია დარჩენილი. სავალალო მდგომარეობაშია შენობაც. იმის გამო, რომ მას კულტურული ძეგლის სტატუსი არ აქვს, საბჭოთა მოდერნიზმის ნარჩენები თბილისში ნელ-ნელა ნადგურდება.
ყოფილი ამიერკავკასიის ენერგოსისტემათა გამოთვლითი ცენტრის მთავარი სამმართველოს შენობა
რთულ რელიეფზე ნაგებობის მორგების, უფრო სწორად კი ჩაწერის უაღრესად საინტერესო არქიტექტურის მქონე ნაგებობა: ყოფილი ამიერკავკასიის ენერგოსისტემათა გამოთვლითი ცენტრია (ახლანდელი რადიოსადგური). შენობის არქიტექტორები 1985 წელს ს. კაციტაძე და გ. ჯამბერიძე გახლდნენ.
მისი განხილვა შესაძლებელია არა ლოკალურად არამედ, მისი გარემოში როლით ამ ადგილის სივრცულ სტრუქტურაში და ზოგადად მარჯვენა სანაპიროს სილუეტში. ერთი შეხედვით მარტივი გეომეტრიული ფორმის, ზომიერად თავშეკავებული, მაგრამ საინტერესო არქიტექტურის მქონე ნაგებობა, საკმაოდ ძლიერად, სოლისებურადაა შეჭრილი ფერდობებს შორის წარმოქმნილ ღრმა ხევში და ქმნის საინტერესო სინთეზს გარემოსთან.