ე.წ ხრუშჩოვკები – პროექტი, რომელიც საბჭოთა იდეის, “თანასწორობის” განსახიერება უნდა ყოფილიყო
ერთი სახლის ორი სამყარო - თანამედროვე და ყოფილი საბჭოთა კავშირი.
პოსტსაბჭოთა სიმბოლიკა, რომელშიც თანამედროვე მოსახლეობა ცხოვრებას ახლაც აგრძელებს. ერთ დროს „თანამედროვეობის ნიმუშები“ ახლა საფრთხის ქვეშაა. საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობები წლებს ვეღარ უძლებს. საცხოვრებელ კორპუსებს ექსპლუატაციის ვადა ამოეწურა. გასული საუკუნის 50-იანი წლებში საცხოვრებლები მხოლოდ 25 წლიანი გათვლით ააშენეს. ახლა კი ამორტიზებულ ნაგებობებს უკვე ბზარები და ნაპრალები აქვს. იმ ბინებზე, რომლებშიც შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი გაატარეთ ალბათ ბევრი რამ არ იცით.
საუბარია ე.წ „ხრუშჩოვკებზე“ – ეს სიტყვა ქალაქის განაპირა მდებარე მცხოვრებლებით, მჭიდროდ დასახლებულ უბანს ნიშნავს. ასე ჩვენ საბჭოთა პერიოდში აშენებულ ერთნაირ და უსახურ საცხოვრებელ კორპუსებს ვუწოდებთ. პატარა ოთახებით და მინიმალური ჭერის სიმაღლით.
ეს სახელწოდება ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდის 4-5-სართულიანი პანელებიანი ან აგურის საყოფაცხოვრებო ბინების კომპლექსებს უკავშირდება, რომლის პროექტიც მართალია არქიტექტორ ვიტალი ლაგუტენკოს ეკუთვნის, თუმცა ხალხში მას დღემდე „ხრუშჩოვკის” სახელით მოიხსენიებენ. პოსტსაბჭოთა სივრცის არქიტექტურული შენობები კი შემდეგ მიზანს ემსახურებოდა – საბინაო კრიზისის გადაჭრა და ნაკლები ეკონომიური დანახარჯები, რისი ბრძანებაც მოსკოვის საქალაქო პარტიული კომიტეტის თავმჯდომარე ნიკიტა ხრუშჩოვმა 1950 წელს, არქიტექტორთა ყრილობაზე გასცა. შედეგად საბჭოთა კავშირის ცენტრალურმა კომიტეტმა დადგენილება უშალო პროცესში ჩაუშვა. მალე, მოსკოვში, ბეტონის ფილების ჩამომსხმელი ქარხანა გაიხსნა. ერთს მეორე მოჰყვა და ქარხნების მასიური მშენებლობა დაიწყო. საბჭოთა კავშირის ეკონომიკა სწრაფი ტემპით განვითარდა. ამასობაში ხდებოდა ე.წ ინდუსტრიალიზაცია და ქალაქებში სოფლის მოსახლეობა მასობრივად ჩამოჰყავდათ. „ხრუშჩოვკები“ იყო ერთგვარი შესაძლებლობა იმისა, რომ ხალხი გადავსებული კომუნალური ბინებიდან სხვა ფართებში გადასულიყო. ამ კორპუსების მშენებლობის თავდაპირველ პერიოდში, პროექტიდან გამომდინარე იკვეთება, რომ საბინაო კრიზისის გადაწყვეტის მიზნით, მთავარი აქცენტი იყო რაოდენობაზე და არა ხარისხზე.
საბჭოთა კავშრის ერთ-ერთი პრინციპი – „ყველა თანაბარია“ „ხრუშჩოვკების“ დანაწილებაზეც აისახა. პროექტი მარტივია, ყოველგვარი ზედმეტი არქიტექტურული ჩარევებისგან თავისუფალი. შედეგად მოხდა მოსახლეობის დაკმაყოფილება სტანდარტული, დაბალჭერიანი კორპუსებით, რომლის ჭერის სიმაღლეც ხშირ შემთხვევაში 2,48 მ-ს არ აღემატებოდა, არ იყო ლიფტი, სანაგვე ბუნკერები და ზოგ მათგანს აივანიც კი არ ჰქონდა. ბინები 31-დან 58 კვადრატულ მეტრამდე, კედელში ჩაშენებული სათავსო, რათა მფლობელებს თავის სასარგებლოდ ფართის პრაქტიკულად გამოყენება შესძლებოდათ. მაშინ ხშირად ხუბრობდნენ, რომ ნიკიტა ხრუშჩოვმა შენობების ჭერის სიმაღლე სწორედ საკუთარი სტანდარტებით განსაზღვრა.
ე,წ „ ხრუშჩოვკების“ მშენებლობა და კომუნალურიდან იზოლირებულ ბინებში გადასვლის პროცესი 1980-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. თავდაპირველად „ხრუშჩოვკებში“ საბჭოთა იმპერიის თითქმის 60 მილიონი მოქალაქე შეასახლეს. მომდევნო წლებში ამ ციფრმა – 127 მილიონს მიაღწია. საბინაო კრიზისის მიზნით შექმნილი შენობები 25-მდე, ზოგი კი 50 წლამდეც კი იყო გათვლილი. მილიონობით ადამიანისთვის ეს ბინები მხოლოდ დროებით გაჩერებას ნიშნავდა „უკეთესი ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე“, რომელსაც ისინი ამდენი ხანი ელოდნენ. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ე.წ „ხრუშჩოვკებს“ ახლაც უამრავს შეხვდებით თბილისის სხვადასხვა უბნებში.
ძირითადად ასეთი, დროებითი ნაგებობები თბილისში 1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იან წლების დასაწყისში, ქალაქის ფართო უბნებში გაჩნდა – საბურთალო, გლდანი, ვარკეთილი, თემქა, დიღმის მასივი. თავდაპირველად კი „ხრუშჩოვკების“ მასიური მშენებლობა საბურთალოს რაიონში დაიწყო.
ქავთარაძეზე, 35-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ, 1963 წელს აშენებულ „ხრუშჩოვკაში“ დღემდე ცხოვრობს, მარინა ქაციბაია. ბევრი მცდელობისა და ძალისხმევის მიუხედავად მისი ბინა მაინც ვიწრო და არაკომფორტულია. 63 წლის რესპოდენტი გვიყვება, რომ ბინას პატარა აივანიც კი არ აქვს, რომ მაცხოვრებელმა უბრალოდ სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს, არის საკმაოდ ვიწრო ფართი და ძალიან თხელი კედლები.
„ეს შენობა1963 წელს აშენდა. მე ძალიან პატარა ვიყავი. მთელი ცხოვრება გაწამებული ვარ. სანამ მამა ცოცხალი იყო ისე უყვარდა ეს სახლი, რომ გაყიდვას ან გადაცვლას ვერ უხსენებდი. მისი გარდაცვალების მერე ჩემმა დამ და სიძემ რაღაც ბინა კი მოძებნეს, მაგრამ იმას არც იატაკი ჰქონდა და საცხოვრებლად არ გამოდგებოდა. აქედან გამომდინარე თავი შევიკავეთ და დღემდე ამ პირობებში ვაგრძელებთ ცხოვრებას“, – აცხადებს მარინა ქაციბაია.
ე.წ „ხრუშჩოვკის“ მაცხოვრებელი შენობის დემონტაჟისა და ახალი ფართებით უზრუნველყოფის მომხრეა თუმცა მათთვის აქამდე მსგავსი წინადადებით არავის მიუმართავს.
მოსახლეობას ასეთივე პრობლემები აქვს თბილისის სხვა უბნებშიც, სადაც სტანდარტული, უსახური შენობები დღემდე დგას. თბილისის მასშტაბით 500-ზე მეტი „ხრუშჩოვკაა“ და თითოეულ კორპუსში დაახლოებით 30 ოჯახი ცხოვრობს.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 90-იან წლებში ამ ტიპის საცოვრებელ სახლებს მოსახლეობამ იერსახე თვითნებურად შეუცვალა. სივიწროვის აღმოსაფხვრელად ფართების მომატების მიზნით დაიწყო მიშენება, მოშენება და თავად შენობებზეც სართულის დაშენება. შედეგად საბჭოთა არქიტექტურის „შედევრი” კიდევ უფრო დამახინჯდა, რის მაგალითებსაც ქალაქში თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით…
ურბანისტი ვლადიმერ ვარდოსანიძე ჩვენთან კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ამ შენობების სიმტკიცე მათი ექსპლუატაციის ვადის გასვლის პირობებშიც, ახალ აშენებულ კორპუსებს ხშირად კონკურენციასაც კი უწევს, თუმცა პრობლემურ საკითხად რჩება ე.წ მიშენებები, რომლებიც კერძო მესაკუთრეებმა ვიწრო ფართიდან გამომდინარე 1989 წლიდან აქტიურად დაიწყეს, რაც დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
„მიშენებები ამ შენობებზე ძალიან საშიშია. ეს ნაბიჯი იყო წმინდა პოპულისტური. სხვათაშორის ამას ვერ დავაბრალებთ ვერცერთ ეროვნულ ხელისუფლებას. ეს დაიწყო ჯერ კიდევ კომუნისტების მმართველობის პერიოდში. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მაისში თბილისის ადგილორივმა ხელისუფლებამ მიშენებები დაუშვა. ცხადია უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ყველაფერს ფორმალური სახე მიეცა. ამას დაემატა არეულობა, რევოლუციები და ეს პროცესი სამწუხაროდ თვითდინებით წავიდა“ – აცხადებს ურბანისტი ვლადიმერ ვარდოსანიძე.
ვარკეთილი ერთ-ერთი პირველი იყო იმ უბნებს შორის სადაც, ე.წ. „ხრუშჩოვკების“ დემონტაჟი უნდა დაწყებულიყო. უბნის ყოველი მეორე შენობა ავარიულია, კედლებზე ნაპრალები ყოველდღიურად იზრდება, ადამიანებს შიშში ცხოვრება უწევთ.
პრობლემის მოგვარების გზების ძიება აქტიურად დაიწყო – 2017 წელს ჯერ კიდევ დედაქალაქის მერობის კანდიდატად მყოფმა კახა კალაძემ, წინა საარჩევნო ვიდეო-რგოლი „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების ინიციატივა გამოთქვა. მისი თქმით, მათი ჩანაცვლება მყარი, კომფორტული, თანამედროვე საცხოვრისით მოხდებოდა. შედეგად მესაკუთრეები კომპენსაციას ან ახალ ბინას მიიღებდნენ. მან პირობა დადო, რომ ასეთი პოლიტიკა „თბილისის საბოლოო განთავისუფლებას“ და „საბჭოთა იდეოლოგიის შეცვლას“ გამოიწვევდა.
რა ვითარებაა დღეს და როგორ ხდება პრობლემის მოგვარება – ამ კითხვით თბილისის განვითარების ფონდს მივმართეთ. როგორც იკვეთება დღეს „ხრუშჩოვკები“ ცალკე განყენებულ პროექტად არ განიხილება. არსებობს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მოიაზრება, როგორც „ხრუშჩოვკის“ ტიპის ისე სხვა კორპუსების ჩანაცვლება. შესაბამისად, ავარიულობის ხარისხის მიხედვით ხდება მათი დემონტაჟი. პროგრამაში უკვე 40 ასეთი კორპუსია ჩართული. საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, გამგეობაში შეტანილი განაცხადისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შესაძლებელი ხდება პროგრამაში მონაწილეობის მიღება.
როგორც თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი პაპავა ჩვენთან საუბარში განმარტავს, აღნიშნული შენობების ნაწილს მინიჭებული აქვს ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი და გააჩნიათ ისეთი პრობლემები, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც უშუალოდ მაცხოვრებლების, ისე გამვლელთა უსაფრთხოებას. ასეთ შენობათა უმრავლესობაში გაუმართავია ლიფტები, მოუწესრიგებელია სადარბაზოები, ეზოები და სხვა. მისივე თქმით, საბჭოთა დროინდელი შენობების უდიდესი ნაწილი, ექსპლუატაციის ვადის გასვლისა და არასათანადო იერსახიდან გამომდინარე, საჭიროებს თანამედროვე კორპუსებით ეტაპობრივ ჩანაცვლებას.
„2022 წლის 06 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა N10-48 დადგენილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ, რომლის საფუძველზეც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობის უზრუნველყოფისა და დედაქალაქის იერსახეზე ზრუნვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პირობები და პროცედურა დადგინდა. პროექტის განმახორციელებლად განისაზღვრა ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი“, – აცხადებს ფონდის დირექტორი.
წესის თანახმად, ავარიული სახლის ჩანაცვლებად განისაზღვრა დემონტაჟი და მის ადგილას ახალი და მდგრადი შენობა-ნაგებობის განთავსება ან/და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა, ისე რომ დაცული იქნას დაინტერესებული პირების საკუთრების უფლება და სხვა კანონიერი ინტერესები, ამასთანავე აღნიშნული კონცეფციის განხორციელებისას უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის, კერძო სექტორისა და ქალაქის ურბანული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტერესების ჰარმონიული დაცვა.