ბათუმის მერიაში ხელოვნური კუნძულის განხილვა ჩაინიშნა
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობა, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა, ნებისმიერ პირს შეუძლია.
2023 წლის 13 ივლისს, 13:00 საათზე, ბათუმის მერიის შენობაში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის პროექტის განხილვაა დანიშნული. საჯარო განხილვის ორგანიზატორი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოა.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობა, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა, ნებისმიერ პირს შეუძლია.
ინფორმაციას საჯარო განხილვის შესახებ, ბათუმის მერია ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ: “„წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34.”
ამასთან, დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში“. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია სკოპინგის [სკოპინგი – პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშები, რაც ითვალისწინებს შესაბამის კვლევებს] ანგარიშისა და მასთან დაკავშირებული ანგარიშების წარდგენის ვალდებულების შესახებ, ის ხელოვნურ კუნძულთან დაკავშირებული დოკუმენტების პოვნას და მის გაცნობას ვერ შეძლებს.