ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მისაღებად “ამბასადორმა” პროცედურა დაიწყო
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მიღებამდე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გზშ-ს მოამზადებს, რისთვისაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკოპინგის განცხადებით მიმართა. სააგენტომ უნდა გასცეს სკოპინგის დასკვნა, რაც „ამბასადორისთვის“ სავალდებულო იქნება გზშ-ის ანგარიშის მომზადებისას.
ხელოვნური კუნძული შედგება ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულისგან.
გარდა აღნიშნულისა, პროექტი ითვალისწინებს ორი დამცავი მოლის [აღმოსავლეთის და დასავლეთის] და ერთი ძირითადი სანაპირო დამცავი მოლის მოწყობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნახევარკუნძულების და კუნძულის ტალღის ზემოქმედებისგან დაცვა.
კოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება 108.5 ჰექტარი ფართობის, ქალაქის მჭიდროდ დასახლებული უბნებისაგან იზოლირებული, ახალი ტერიტორია.
ნიშანდობლივია, რომ დოკუმენტში კომპანია ხაზს უსვამს ასევე, რომ „აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მდინარე ჭოროხის მიერ შემოტანილი მყარი ნატანის მკვეთრად შემცირების ფონზე, ინტენსიურად მიმდინარეობს სანაპირო ზოლის წარეცხვის პროცესი“.
ხელოვნური კუნძულის ტერიტორიას კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოიყენებენ.
პროექტის მომდევნო ეტაპზეა ასევე დაგეგმილი კუნძულის შემდგომი განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმება.
აღსანიშნავია, რომ „ამბასადორისა“ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია ბათუმში 2022 წელს უკვე გამართეს და მშენებლობის კაფსულაც ჩააგდეს.