ხალხით გადაჭედილი თეატრები-რამდენი პროცენტით გაიზარდა მაყურებლის რაოდენობა
კვლევის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში მოქმედი თეატრების დატვირთულობა დიდი პროცენტითაა გაზრდილი.
გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 2 ერთეული იყო ოპერისა და ბალეტის, 41 – დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 2 – ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო 7 – თოჯინების თეატრი. თეატრების უმრავლესობა – 51.9% თბილისში, 15.4% – იმერეთში, ხოლო დარჩენილი 32.7% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებდა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში 4 000 ღონისძიება ჩატარდა, აქედან – 256 გასვლითი (ქალაქის გარეთ) იყო. ქართულმა თეატრალურმა დასებმა საზღვარგარეთ ამ პერიოდის განმავლობაში 79 ღონისძიება გამართეს, რომელშიც 920 პირი მონაწილეობდა.
2022 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 112.3%-ითაა გაზრდილი და 3 794 ერთეული შეადგინა. აღსანიშნია, რომ სპექტაკლების ნახევარზე მეტი, რაც 63.7%-ს შეადგენს, დედაქალაქში გაიმართა.
ამავე პერიოდში ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა და 547 ათასი შეადგინა. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა ქ. თბილისი – 64.8%-ით, ხოლო მეორე ადგილს 10%-ით იმერეთი იკავებდა.