კერძო სკოლები მაღალი მოთხოვნის გამო ახალ შენობებს აშენებენ

კერძო სკოლების ნაწილმა მაღალი მომართვიანობის გამო, რეგისტრაციის პროცესი უკვე დაასრულა, ნაწილმა კი გაზრდილი ნაკადის შესაბამისად, გაფართოების გადაწყვეტილებაც მიიღო, რადგან ვაკანტური ადგილები რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე შეივსო.

კერძო სკოლები მაღალი მოთხოვნის გამო ახალ შენობებს აშენებენ

kalaki.ge ჩვენს მკითხველს ნინო სულიაურს ესაუბრა, რომლისთვისაც 6 წლის ქალიშვილის ქეთევანის კერძო სკოლაში დარეგისტრირება, არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

“თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ქეთევანი იმ კერძო სკოლაში მიგვეყვანა სადაც მისი დეიდაშვილები სწავლობენ, გარდა იმისა რომ სწავლის ხარისხი და გარემო მისაღები იყო, რადგან პირველად შედის სკოლაში, ვიფიქრეთ დეიდაშვილები პირველ მღელვარებას ადვილად დააძლევინებდნენ. მივედით გასაუბრებაზე მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ადგილები დიდი ხნის წინ შევსებული იყო, აქედან დაიწყო ნამდვილი თავსატეხი, რადგან თბილისის თითქმის ყველა კერძო სკოლასთან გვქონდა კომუნიკაცია და ყველგან შევსებული იყო კლასები. დიდი ხნის შემდეგ ვიპოვეთ ერთ-ერთ კერძო სკოლაში ადგილი და ვფიქრობთ, რომ ძალიან გაგვიმართლა.”

ზოგადი სტატისტიკით კერძო სკოლებზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, თუმცა წელს თითქმის ყველა სკოლა ახალ შენობებს დიდი მოთხოვნის გამო ამატებს.