დაარეგულირებს თუ არა კერძო სასაფლაოების მოწყობას კანონი?
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს.
საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ უწყებამ თბილისის, ხაშურისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში სასაფლაოების მოწყობის პროცესი შეისწავლა. დადგინდა, რომ მერიის სამსახურებს არ აქვთ შესაძლებლობა, კერძო სასაფლაოს უნებართვოდ მოწყობის ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ.
„აქედან გამომდინარე, კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირების განხორციელებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა და პარლამენტის მხრიდან შესაბამისი ცვლილებების შეტანა საკანონმდებლო აქტ(ებ)ში”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებაში.
სახალხო დამცველმა საკითხის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხაშურის მაცხოვრებელმა მის სახლთან სასაფლაოს მდებარეობა გააპროტესტა. ამასთან, ომბუდსმენის აპარატმა სასამართლო პრაქტიკაც შეისწავლა.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის ფაქტზე სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების არარსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებების დაცვას და უხეშად არღვევს კონსტიტუციისა და ევროკონვენციის მოთხოვნებს.
შესაბამისად, სახალხო დამცველი ითხოვს, კერძო სასაფლაოების უკანონოდ ან ნორმების დარღვევით მოწყობა ჯარიმით, დემონტაჟით ან სხვა ზომებით აღიკვეთოს.