კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე სამშენებლო ამნისტია თბილისზე არ გავრცელდება-რა ბედი ელით თბილისელებს და რა მიზეზებზე საუბრობს კალაძე?
"ინიციატივა არ ეხება დედაქალაქს" განაცხადა თბილისის მერმა და პრემიერ-მინისტრის განცხადება განმარტა, რომ ის დედაქალაქს არ ეხება.
“დარწმუნებული ვარ, ამ კანონის მიღებას ბევრი ადამიანი ელოდება. ამით ჩვენს ათასობით თანამოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრება გახდეს სამართლებრივი თვალსაზრისით სრულფასოვანი და უფლებრივად უნაკლო.
მინდა აღვნიშნო, რომ ეს ინიციატივა არ ეხება დედაქალაქს იქიდან გამომდინარე, რომ აქ მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა. ჩვენი მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ისეთი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომლებიც უკანონოდ იყო აშენებული. კერძოდ, დედაქალაქის შემთხვევაში, დარღვეული იყო სხვადასხვა პარამეტრები, K1, K2, K3, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზები და ა.შ. ამ ხნის განმავლობაში, მერიაში ასობით განაცხადი შემოვიდა. საბოლოოდ, 500-ზე მეტი ობიექტი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და წარმოადგენს უსაფრთხო და უფლებრივად უნაკლო ობიექტს, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის ჯერ კიდევ განიხილება 600-ზე მეტი განაცხადი, რაც გულისხმობს, რომ ეს ობიექტებიც შესაძლებელია კანონიერი გახდეს და ექსპლუატაციაში მივიღოთ”, – ამბობს კახა კალაძე.
როგორც ირკვევა თბილისელების სიხარული უკანონო მშენებლობის დაკანონებასთან დაკავშირებით ნაადრევია. მათ წინ რთული და გრძელვადიანი პროცედურების გავლა მაინც მოუწევთ და საბოლოოს მიიღებენ თუ არა უწყების თანხმობას ეს კიდევ სხვა საკითხია.