ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა: ₾200 მილიონის ტენდერები ივლისში გამოცხადდება
ახალი პროგრამა, რომელიც ქალაქებისა და კურორტების განვითარებას გულისხმობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.
პროგრამა 5-წლიანია, რომლის პირველ ეტაპზეც შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი.
პროგრამის ფარგლებში, განახლდება ბორჯომის ისტორიული ნაწილი და ცენტრალური პარკი; განვითარდება წყალტუბოს ცენტრალური პარკი და ცივი ტბის ახალი რეკრეაცია; მოეწყობა ზუგდიდის ახალი ბულვარი; განახლდება ქუთაისის ისტორიული არეალი, ბოტანიკური ბაღი და კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრს; თელავში განვითარდება ბატონის ციხე და მისი მიმდებარე არეალი, ასევე, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრს; განახლდება ბათუმის ისტორიული ნაწილი და განვითარდება რეკრეაცია. პროგრამა ითვალისწინებს ყაზბეგის, ბაკურიანის და მესტიის მუნიციპალიტეტების ისტორიული არეალების განახლებასა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასაც.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე აცხადებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პროექტებთან დაკავშირებით ტენდერები ივლისის პირველ კვირაში გამოცხადდება.
შეგახსენებთ, კურორტებისა და ქალაქების განვითარების პროგრამის ჯამური სავარაუდო ღირებულება 1 მილიარდი ლარია. აქედან, 200 მილიონი ლარი 2023 წლისთვის არის გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2023 წლის სექტემბერში დაიწყება და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის თქმით, 4-5 წელი გაგრძელდება.