კახა კალაძე-ვაკის პარკის საქმეზე: ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი მზადაა, გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს
თუმცა მერია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს შოუებში, რომელთა დადგმასაც გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ.
„სწორად მოქცეულან, თუ არ მივიდნენ, მე მივესალმები მათ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა და ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში თუ რაიმე კითხვა არსებობს, ყველას გაეცემა პასუხი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნული საკითხით მანიპულირებას ცდილობენ, საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანის ბედი და ჯანმრთელობა. მათი მთავარი მიზანია, როგორმე რაღაც მოაწყონ, შოუ დადგან. ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. მიმდინარეობს გამოძიება, თუ გამოძიებიდან გამომდინარე საჭირო გახდება ვინმეს დაკითხვა, მერიის ნებისმიერი თანამშრომელი მზად არის, თუმცა თბილისის მერია ამ უნიჭო შოუებში მონაწილეობას ნამდვილად არ აპირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რასაც 13 წლის მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისის #55-ე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ვაკის პარკში წავიდნენ – მოზარდებს წყალში ბურთი ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად შადრევანში ჩავიდნენ. მეგობრის დასახმარებლად ჩასული მარიტა მეფარიშვილი, ადგილზე გარდაიცვალა.