“სხვანაირად შეუძლებელია” – კახა კალაძე წერეთლის რეაბილიტაციასა და საცობებზე
თბილისის მერი, აკაკი წერეთლის გამზირსა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
„წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში პირველი, რაც გაკეთდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლაა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, კონკრეტულ მონაკვეთებზე კი ასფალტია ჩავარდნილი. რა თქმა უნდა, მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ტროტუარი. ასევე, გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლების გამოყოფა. პარალელურად, დაწყებული გვაქვს ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. მესმის, რომ არსებობს გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად, შეზღუდვის გარეშე, ასეთი მასშტაბური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. შექმნილი დისკომფორტისთვის, პირველ რიგში, გამზირზე მცხოვრებ ადამიანებს მინდა ბოდიში მოვუხადო. ვიცით, რომ არის ხმაური და კომპანიებს ღამის საათებში უწევთ მუშაობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, თავისი გამწვანებით, კეთილმოწყობის სამუშაოებით და ა.შ. სრულად მომავალი წლის იანვარში დასრულდება, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები გაცილებით ადრე მორჩება. 12 ადგილია, სადაც სამუშაოები ერთდროულად ხორციელდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი დროულად დასრულდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, რომლის ჯამური ღირებულება 32 600 000 ლარს შეადგენს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პროცესები დაიწყო, დედაქალაქში საცობებმა იმატა, რასაც საზოგადოების მხრიდან, უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. თბილისელები განსაკუთრებით სოციალურ ქსელში აქტიურობენ და საცობებიდან ფოტოებს თითქმის ყოველ დღე აქვეყნებენ.