მერიამ იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო
იუსტიციის ხიდი ავარიულია და მერიამ მიიღო მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება-განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
„აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ გამოიკვეთა, რომ იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაშია. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული. ის არ არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც, ფაქტობრივად, ხიდის სრულ დემონტაჟს და ახალი ხიდის მშენებლობას ნიშნავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვეითთა გადასასვლელები და შუქნიშნებია მოწყობილი, ხიდი კი უფუნქციო გახდა.
„იუსტიციის სახლთან მოწყობილია ქვეითთა გადასასვლელები, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ და თავისუფლად გადაადგილდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის, განხორციელდეს იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი“, – განაცხადა კახა კალაძემ.