კიდევ ერთი ავარიული სახლი ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებლით ჩანაცვლდა – პროექტი ისნის რაიონში განხორციელდა
ისნის რაიონში, ისტორიული განაშენიანების ზონაში, მეტეხის N14-ში ავარიული საცხოვრებელი ახალი მრავალსართულიანი კორპუსით ჩანაცვლდა. ინფორმაცია, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გაავრცელა. აღნიშნულ მისამართზე, 2018 წელს შენობის ნაწილი, მიმდინარე წელს კი დარჩენილი ნაწილიც ჩამოინგრა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განახორციელა.

„აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსში 33 მესაკუთრე ცხოვრობდა.
ამჟამად, მოსახლეობა ქირით გვყავს გაყვანილი. პროექტი
შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.
ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე შეძლებს ახალაშენებულ
საცხოვრებელ კორპუსში გადასვლას, სადაც მათ გარემონტებული და
ყველანაირად მოწესრიგებული ბინები დახვდებათ,“ – განაცხადა კახა
კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ძველი კორპუსების უმეტესობა ავარიულია, ბევრი მათგანი სიცოცხლისთვის საფრთხესაც კი წარმოადგენს, მაგრამ მიუხედავად საშიშროებისა მაინც უწევთ ოჯახებს მძიმე პირობებში ცხოვრება, მანამ, სანამ მერიის პროექტი მათაც არ შეეხებათ. ამისთვის კი საჭიროა ავარიულ სახლებში მცხოვრებმა ოჯახებმა მუნიციპალიტეტს მიმართონ, რის შემდეგაც ძველი ავარიული კორპუსები ახალი მრავალსართულიანი სახლებით ჩანაცვლდება – ასეთია პროექტი, რომელსაც დედაქალის მერია უკვე ორი წელია ახორციელებს.