იპოდრომთან ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დაიწყო-პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტს 5 მილიონი დაუჯდება
საბურთალოს რაიონში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დაიწყო. პროექტი 2025 წლისთვის უნდა დასრულდება, პროექტი 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე იგეგმება სპორტული კომპლექსის მოწყობა, რაც საჩოგბურთო კორტებთან და საცურაო აუზთან ერთად, ფიტნეს-დარბაზს, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებისა და სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებულ სივრცეებს მოიცავს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
“„ბახტრიონის ქუჩაზე, წლების წინ არსებობდა ჩოგბურთის კორტები, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და უამრავი ადამიანი იყენებდა, თუმცა წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული სივრცე გასხვისდა იმისთვის, რომ საცხოვრებელი კორპუსები აეშენებინათ. ტერიტორიის დაბრუნება მოსახლეობის დიდი თხოვნა და ჩვენი საარჩევნო დაპირებაც იყო. ამიტომ, როგორც კი დედაქალაქის მთავრობაში მოვედით, საკითხზე მუშაობა მაშინვე დავიწყეთ. მოხდა ადგილმონაცვლეობა და ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. შემდეგ გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა, რომ პროცესში ბიზნესის წარმომადგენლები ჩართულიყვნენ და განეხორციელებინათ პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნებოდა სამი კორტის მშენებლობა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა 50-მეტრიანი საცურაო აუზი, განთავსდება დასასვენებელი სივრცეები და საკვები ობიექტი. ჩვენი დაპირება, რომ ჩოგბურთის კორტები თბილისს დაუბრუნდებოდა, შესრულდება. სამუშაოების განხორციელებას, დაახლოებით, 20 თვე დასჭირდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის გასხვისდა.