რომელ კომპანიას გადასცა “ქართუ ფონდმა” იპოდრომთან თამარაშვილის ქუჩაზე არსებული 80,000 მ² მიწის ნაკვეთი

საჯარო რეესტრში იპოდრომთან თამარაშვილის ქუჩაზე არსებული 80,000 მ² მიწის ნაკვეთი, "ცენტრალ პარკ ავენიუს" მფლობელობაში აისახა.

რომელ კომპანიას გადასცა “ქართუ ფონდმა” იპოდრომთან თამარაშვილის ქუჩაზე არსებული 80,000 მ² მიწის ნაკვეთი

მალევე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ცენტრალ პარკ ავენიუ” “ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელ სოსო ფხაკაძესთან ასოცირდება.

აღნიშნულ ინფორმაციას “ვისოლ ჯგუფი” განცხადებით გამოეხმაურა.

“”საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ “ვისოლ ჯგუფის” ერთ-ერთი ბიზნესმიმართულება უძრავი ქონების განვითარებაა. კერძოდ, ჩვენ ვახდენთ როგორც კომერციული (სავაჭრო ცენტრები, საოფისე შენობები თუ სხვა), ასევე საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას. ამ ეტაპზე გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი და, ბუნებრივია, მუდმივად ვეძებთ ახალ მიწის ნაკვეთებს კომპანიის შემდგომი, დინამიური განვითარებისთვის.

ვადასტურებთ, რომ ჩვენ და ჩვენი კომპანიის მენეჯერები მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუ”-სთან და მათგან შევისყიდეთ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, თამარაშვილს N: 13-ში. აღნიშნული მიწის ნაკვეთის შესყიდვა მოხდა საქართველოში ასევე ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფის, “გ დ ალკოს”-თან ერთად.

ამასთან, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, ჩვენ და ჩვენი პარტნიორი, “გ დ ალკო”, მომავალში, სავარაუდოდ, შევქმნით კონსორციუმს და პროექტს დავამატებთ სხვა, მაღალი ალბათობით უცხოელ პარტნიორს თუ პარტნიორებს.

აქვე, ვაცხადებთ, რომ ამ ლოკაციაზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადგილზე, ჩვენს მიერ განვითარებული უძრავი ქონება გამორჩეული იქნება დახვეწილი, გემოვნებიანი არქიტექტურითა და დიზაინით და არაერთ ხელმისაწვდომ სერვისს შესთავაზებს მომხმარებლებს. მაღალი ხარისხისა და სტანდარტის დაცვა ჩვენთვის ბიზნესის წარმოების ქვაკუთხედია და ამ გზას ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ გადავუხვევთ.

პროექტის დეტალებს და მის მიმდინარეობას, ბუნებრივია, ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას” – განაცხადა “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აგვისტოში ამ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია განახორციელა ყოფილი დეპუტატის, მარიკა ვერულაშვილის კომპანია “ნეო სითი დეველოპმენტმა”, თუმცა 2023 წლის 16 ოქტომბერს გარიგება შებრუნდა და ქონების მესაკუთრედ კვლავ “ქართუ ფონდი” დარეგისტრირდა.