ინოვაცია ძველ თბილისში- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე QR კოდები განთავსდა
პროექტ SCANTBILISI-ის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე QR კოდები განთავსდა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აღნიშნული ძეგლების შესახებ საინტერესო ინფორმაციას აწვდის.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„თბილისელებისა და ჩვენი დედაქალაქის სტუმრებისთვის ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა კომპანია „სილქნეტისა“ და SOLARTIA GROUP-ის პარტნიორობით, რომელსაც თბილისის მერიამ დაუჭირა მხარი. პროექტის სახელწოდებაა SCANTBILISI – „დაასკანერე თბილისი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განთავსებული QR კოდების საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აწვდის საინტერესო ინფორმაციას აღნიშნული ძეგლების შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენაზე. დედაქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. ჯამში, კულტურული მემკვიდრეობის 187 ძეგლზე განთავსდა QR-კოდი და მომზადდა შესაბამისი ინფორმაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა როგორც კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე ხელოვნებათმცოდნეებსა და დარგის სხვა სპეციალისტებს, რომლებიც პროექტის განხორციელებაში იყვნენ ჩართული.