ინოვაცია თბილსის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის – მობილური სერვისი, რომელიც მგზავრებს მგზავრობის დაგეგმვას გაუიოლებს

თბილისელები მგზავრობის დაგეგმვასა და ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმებას მობილური აპლიკაციით შეძლებენ.

ინოვაცია თბილსის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის – მობილური სერვისი, რომელიც მგზავრებს მგზავრობის დაგეგმვას გაუიოლებს

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ვებგვერდი – ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი, – ამის შესახებ თბილისის
მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„მგზავრთა ინფორმირებისთვის შეიქმნა რუკები, საინფორმაციო ვებგვერდი და ავტობუსის გაჩერებების სტანდარტული დიზაინი, განახლდა მობილური აპლიკაციაც. 31 მაისიდან ძველი სერვერები გაითიშა და მგზავრები ინფორმაციის მიღებას მხოლოდ განახლებული ვებგვერდიდან შეძლებენ. მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი სერვისებისა და უკვე არსებული მომსახურებების განვითარების პროექტის ფარგლებში, კომპანია მომხმარებელს ასევე, სთავაზობს მობილურ აპლიკაციას Android-ისა და IOS პლატფორმაზე
მომუშავე სმარტფონებისთვის. აღნიშნული აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეები მგზავრობის დაგეგმვასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმებას შეძლებენ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მერის განმარტებით, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ სარგებლობენ ინტერნეტით, თბილისის სხვადასხვა რაიონის მიხედვით იქმნება მგზავრთა საინფორმაციო ბუკლეტები.

„ადამიანების გარკვეული ნაწილი მობილურ აპლიკაციას ნაკლებად მოიხმარს. სწორედ მათთვის იქმნება სპეციალური ბუკლეტები, სადაც ასახულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები და მათი ნომრები, ასევე, ტრანსპორტის მოცდის ინტერვალები. საინფორმაციო ბუკლეტების ნაწილი უკვე მზადაა. ბუკლეტები შესაბამისი გამგეობების სერვისცენტრებში, ასევე თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მისულ მგზავრებს დაურიგდებათ. გარდა ამისა, გაჩერებებზე რუკები განთავსდება, რაზეც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში დავასრულებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.