ბაგებში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი ეწყობა
ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან, გზის გაფართოების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი ეწყობა. - ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსცენტრი ავრცელებს.
„არსებული სიტუაცია დიდ პრობლემას წარმოადგენდა, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აქ არის სკოლა, უნივერსიტეტი, ტრანსპორტის ძალიან დიდი ნაკადები გადაადგილდება, ბევრი ადამიანი ცხოვრობს ირგვლივ, როცა არ არსებობს საპარკინგე სისტემა, ელემენტარულად, გადაადგილება ჭირდა, ავტომანქანები გასაჩერებლად იყენებდნენ გზის სავალ ნაწილს, არ არსებობდა ტროტუარები. დაახლოებით, ოთხი მეტრით გაფართოვდება გზა, მოეწყობა ტროტუარები და გამოიყოფა საპარკინგე ადგილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ გზის უსაფრთხოების მიზნით, ფერდზე 240 მეტრის საყრდენი კედლის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარით დაფინანსდება.