“ექსპლუატაცია არის საფრთხის შემცველი”-იგეგმება თუ არა ილიაუნის C კორპუსის შენობის დემონტაჟი
იაუნის C კორპუსის დახურვისა და რეკონსტრუქციის შესახებ ინფორმაცია თავად ცენტრის ბენეფიციარების მშობლებისგან სოციალურ მედიაში გავრცელდა. როგორც აღმოჩნდა მშობლებმა სწავლის დაწყების დღეს გაიგეს, რომ მალე შენობის დატოვება მოუწევთ.
ი. ჭავჭავაძის #32-ში მდებარე, ილიას უნივერსიტეტის შენობის C კორპუსში რამდენიმე წელია ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის” ფარგლებში 82 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას.
სწავლის დაწყების დღეს სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელმა გვანცა გულიაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული შენობის დემონტაჟი იგეგმებოდა და ამ დრომდე მშობლები საქმის კურში არ იყვნენ. გულიაშვილი დახმარებას საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებს სთხოვს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შესაძლოა ძველი შენობის ნაცვლად შესაძლოა ახალი მშენებლობა იგეგმებოდეს და დემონტაჟის მიზეზი სწორედ ეს იყოს. მისივე განმარტებით, ახალი გარემო ბენეფიციარებისთვის სტრესული იქნება.
დედაქალაქის მერიამ, კი საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ცენტრი იხურება, ვინაიდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე შენობის ავარიულობა დადგინდა.
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, თუკი უახლოეს მომავალში ვერ მოიძებნება ალტერნატიული ფართი ბენეფიციარებისთვის, ისინი სხვა მათთვის სასურველ ცენტრებში გადანაწილდებიან.
მერიის განცხადებიდან მალევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულ შენობაზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ მედიის კითხვებს, ილიას უნივერსიტეტის კანცლერმა ქეთი ლაკირბაიამ უპასუხა. როგორც ირკვევა უნივერსიტეტის დაკვეთით შპს “მშენ-ექსპერტ+”-მა მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შენობა, ექპლუატაციისთვის საფრთხის შემცვლელია და არ აკმაყოფილებს სეისმდეგი მშენებლობის მოთხოვნებს.
გვანცა გულიაშვილი ამბობს, რომ მშობლები დანებებას არ აპირებენ და შესაბამისი რეაგირება ექნებათ, მანამდე კი საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.