ი. მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზი უახლოს მომავალში პირველ მკითხველს დაელოდება
ათწლეულების მანძილზე პირველად, ი. მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზს რეაბილიტაცია უტარდება
კაცობრიობის მეხსიერების უცვლელი შენარჩუნება - მიზანი, რომელსაც ბიბლიოთეკების არსებობა წარმოადგენს. ბიბლიოთეკების მთავარი როლია, ხელი შეუწყონ მომხმარებელთა ცოდნის ხელმისაწვდომობას, შეიქმნას და შენარჩუნდეს თანმიმდევრული და დალაგებული კოლექცია და ხელი შეეწყოს ახალი კულტურული ჩანაწერების შექმნას. ეს არის სივრცე, სადაც დაცულია და ინახება წარსულისა და აწმყოს კულტურული ჩანაწერები.
ბრაზილია – პორტუგალიური სამეფოს სამკითხველო კაბინეტი
შვეიცარია – წმინდა გალას მონასტრის ბიბლიოთეკა
აშშ – ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა
ესპანეთი – ელ ესკორიალის ბიბლიოთეკა
სამხრეთ კორეა – სტარფილდის ბიბლიოთეკა
რა ხდება ჩვენთან? – საქართველოში საჯარო ბიბლიოთეკების რაოდენობა დაახლოებით 700-მდეა.
დღეს მოგიყვებით, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ, რომლის ისტორიაც 1846 წლიდან იწყება. ადგილი, რომელიც თავისი დაარსებიდან დღემდე, 177 წელს ითვლის.
საქართველოს ამ დიდ საგანძურში მომუშავე პერსონალის წვლილი უდიდესია. ყოველდღიურად ხელმისაწვდომ წიგნებთან ერთად, უიშვიათეს ექსპონატებს რესტავრაცია, აქ უკეთდება. აქ ხდება მათი სრულად აღდგენა თუ კონსერვაცია. აქ წიგნი უამრავ ეტაპს გადის. შემდგომ კი ხდება მისი ავთენტურობის შენარჩუნებაზე ზრუნვა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი გამორჩეული შენობა პირველი კორპუსია. ის ჯერ კიდევ 1931 წელს, ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობა ყოფილა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.
ყოფილი ქართული ბანკი, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი, რომელიც ლადო გუდიაშვილისა და ნატო ვაჩნაძის ქუჩების კუთხეში მდებარეობს, 1913-1916 წლებში აშენდა. 1912 წელს ბანკის შენობის ასაგებად გამართული კონკურსის პირობაში მითითებული იყო, რომ ნაგებობა „ქართული სტილისა“ უნდა ყოფილიყო. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით პირველი პრემია მიენიჭა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტს. ორივე კონკურსანტი კარგად იცნობდა ქართულ შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრებას.
ბიბლიოთეკის საფასადე დეკორი ნასესხებია X-XIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლების ფასადთა შემკულობიდან. ხოლო ჩუქურთმების არაჩვეულებრივი კვეთა ეკუთვნის ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეებს. მრავალ ბურჯზე დაყრდნობილი ღრმა გალერეა-ლოჯია გუდიაშვილის ქუჩის მხარეს, ისევე როგორც გვერდითი გალერეა და კუთხეში აღმართული კოშკი, მოჩუქურთმებული სარკმლები და ორნამენტული რომბები, ნაგებობის ხასიათს განაპირობებს. აღსანიშნავია ინტერიერიც, ვესტიბიულისა და ყოფილი საოპერაციო დარბაზის, კამარათა მოხატულობა, მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი ქვის მოაჯირის დენადი ფორმები და სხვ. ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძღვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში.
ბიბლიოთეკის მოჩუქურთმებული კარის ავტორია კოტე ბოტკოველი. ბიბლიოთეკის პირველ და მესამე კორპუსში ხის სამუშაოები შეასრულა ილია მამაცაშვილმა.
2017 წელს იშვიათ გამოცემათა განყოფილების ბაზაზე, ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში საქართველოში პირველი წიგნის მუზეუმი შეიქმნა. წიგნის მუზეუმი არის პირველი ნაბიჯი, რომლითაც დაიწყო ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიული კორპუსის რესტავრაცია.
ახლა კი 100-ზე მეტი წლის წინ აგებულ შენობაში პირველი ეტაპის სარესტავრაციო სამუშაოები ივანე მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზით იწყება. ლეგენდარული ადგილი, რომელიც რესტავრაციას წლების განმავლობაში საჭიროებდა.
„ძალიან გახარებული ვარ: ოცნება, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობის დაწყებისას მქონდა – ლეგენდარული პირველი კორპუსის ათწლეულების განმავლობაში დაკეტილი სამკითხველო დარბაზების რესტავრაცია, მოდერნიზაცია და გახსნა – ასრულებას იწყებს. ახლა დამირეკა ზაზა გოგოტიშვილმა, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელმა – გუშინწინ გვქონდა მოლაპარაკება და დღეს უკვე დასტურია – ივანე მაჩაბლის ჯადოსნური დარბაზის სრულ რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია „ანაგი” განახორციელებს” – ჯერ კიდევ 28 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ საზოგადოებას ისტორიული და სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა.
10 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და სამშენებლო კომპანია “ანაგის” დამფუძნებელმა ზაზა გოგოტიშვილმა.
მემორანდუმის თანახმად, უახლოეს მომავალში, სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მდებარე ივანე მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზის სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას განახორციელებს.
„ეს არის ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარული სამკითხველო დარბაზი, რომელიც ათწლეულებია დაკეტილი იყო და მისი რესტავრაცია არასდროს მომხდარა. ეს სივრცე უამრავი ადამიანისთვის ასოცირდება ეროვნულ, ყოფილ საჯარო ბიბლიოთეკასთან. თაობები სწორედ მაჩაბლის დარბაზში იღებდნენ ცოდნას და ის ქვეყნის უმთავრესი სამკითხველოა. “ანაგისთვის” ამ დარბაზის რესტავრაციის პროცესის წარმართვა ერთდროულად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი პატივია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა მართლაც ისტორიული მოვლენა იქნება“, -აცხადებენ სამშენებლო კომპანიაში.
მაჩაბლის დარბაზი იქნება სამკითხველო სივრცე, სადაც წიგნებზე ღია წვდომა ექნება ერთდროულად ათობით მკითხველს. იქნება კომფორტული, კომპიუტერიზებული, მყუდრო გარემო და ამავდროულად დამაკავშირებული გზა წიგნის მუზეუმთან. სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ აღდგება დარბაზის პირველსახე, ხოლო საკუთრივ მკითხველის მაგიდები თანამედროვე და ტექნოლოგიური იქნება.
მართალია ამ უნიკალურ შენობას, ჭერსა და კედლებზე ბზარები აქვს, თუმცა ეს ბზარები ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსს ლეგენდარულობას მაინც ვერ უკარგავს. მთავარი მიზანი კი დღეს ამ უნიკალურობის შენარჩუნებაა, ხოლო წამოწყებული საქმე კომპანიისთვის დიდი პასუხისმგებლობა. იმედია კორპუსი დაიბრუნებს ავთენტურ იერსახეს, რომელიც საბჭოთა ეპოქაში დაიკარგა და სულ მალე, მაჩაბლის დარბაზი პირველ მკითხველს დაელოდება.