უხილავი მტერი, რომელმაც ერთ წელიწადში 5 220 ადამიანი იმსხვერპლა
როგორია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი თბილისში?
ყოველწლიურად 7 მილიონამდე გარდაცვლილი ადამიანი - უხილავი მტერი, რომელმაც მსოფლიო 21-ე საუკუნეში გამოწვევის წინაშე დააყენა. მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემა, რომელიც ინდუსტრიული პროგრესის შედეგად, დღითიდღე მასშტაბურ სახეს იღებს.
საუბარია ატმოსფერულ ჰაერზე, რომლის ტოქსიკურობის შემთხვევაშიც მისი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზოგ შემთხვევაში ფატალურადაც კი სრულდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს და გვაფრთხილებს, რომ დედამიწაზე თითქმის ყველა, საშინლად დაბინძურებულ, არაჯანსაღ ჰაერს ვსუნთქავთ. 117 ქვეყნის 6000-ზე მეტი ქალაქიდან აღებული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 99 % ახლა სუნთქავს ჰაერს, რომელიც უსაფრთხოების განახლებულ სახელმძღვანელოსთან შესაბამისობაში ვერ მოდის. ეს რაოდენობა კი მოიცავს მსოფლიოს ურბანულ ზონათა 80 %-ს.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ მაჩვენებელს – 2022 წელს შვეიცარიული კომპანიის IQAir-ის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით 131 ქვეყნიდან საქართველო 61-ე ადგილზეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, მხოლოდ 2019 წელს საქართველოში ჰაერის დაბინძურების მიზეზით 5 220 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ISET“-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია ნათქვამი.
„ჰაერის ხარისხის მონიტორინგი საქართველოში დიდი ხანია მიდის და პრობლემად განიხილება. ჰაერის ხარისხი ადამიანის ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს, რაც დადასტურებული ფაქტია და იწვევს სიკვდილიანობას. განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბავშვები და ხანდაზმულები. აღნიშნული მაჩვენებლების თანახმად, ყოველ 100 ათას ქართველზე ყოველწლიურად დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერით გამოწვეული 130.6 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება – ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ მაჩვენებელს, რეგიონში კი – სომხეთისა და აზერბაიჯანის მაჩვენებლებს,“ – აღნიშნა „ISET“-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, მარიამ წულუკიძემ.
დიახ, ჰაერის დაბინძურებას მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება ავადმყოფობის ერთ-ერთ უმთავრეს რისკფაქტორად მიიჩნევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, იმ ქალაქებში, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია, სიკვდილის ზოგადი მაჩვენებელი 15-20%-ით აჭარბებს შედარებით სუფთა ქალაქების მაჩვენებლებს.
ტრანსპორტი, საწვავი, მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობის სექტორები – ეს ის წყაროებია, რომლებიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, ყოველდღიურად ხელს უწყობს და კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ უმთავრეს, გარემოსდაცვით გამოწვევად აქცევს.
ექიმი–ტოქსიკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ეკა ქურდაძე „Kalaki.ge”-ისთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს ონკოლოგიური პათოლოგიების რისკი, მათ შორის ფილტვის დაავადების მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, რაც დაკავშირებულია, როგორც პროფესიულ მავნებლობასთან ისე გარემო ფაქტორებთან. ტოქსიკოლოგი გვიდასტურებს იმასაც, რომ ჰაერის დაბინძურების მხრივ ვითარება თბილისში საოკამოდ მძიმეა, ამის განმაპირობებელი ფაქტორები კი ძალიან ბევრია, თუმცა მთავარი რისკი მაინც ავტოტრანსპორტის გაუმართაობა და გამონაბოლქვი რჩება.
„ჰაერის მთავარი დამაბინძურებლები მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდებია. საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს ავტოტრანსპორტი, ენერგეტიკული სექტორი, სამრწეველო ობიექტები და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი წარმოადგენს. მათგან უმთავრესი ენერგეტიკა და ავტოტრანსპორტია. მოხმარებული საწვავის რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს და მასთან ერთად იმატებს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოფქვევაც. დასახლებული ტერიტორიების ჰაერის დაბინძურებას ხელს უწყობს თბომომარაგებაც. გამათბობლების ნაწილს ნამწვი აირი საცხოვრებელიდან გარეთ გააქვს, უფრო დაბალი ხარისხის გამათბობლები კი მას შენობაშივე გამოყოფს. კიდევ ერთი პრობლემაა ნაგავსაყრელებია, რომლებიც ალდება და ირგვლივ მყოფ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის“, – აცხადებს ექიმი-ტოქსიკოლოგი.
განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც საერთაშორისო ეპიდემიოლოგიური კვლევების მონიტორინგს აწარმოებენ საქართველოში სამწუხაროდ, ასეთი ფართო კვლევები ფაქტობრივად არ ტარდება, რომელიც უშუალოდ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებებს შორის უშუალო მიზეზშედეგობრივ კავშირს დაადგენდა. თუმცა ზემოთ ნახსენები სტატისტიკური მონაცემები, ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული დაავადებების მატების ტენდენციაზე ცალსახად მიუთითებს.
ეს განსაკუთებით სასუნთქი სისტემის დაავადებებს ეხება, რომლებიც არაგადამდებ დაავადებათა სტრუქტურაში წამყვან ადგილს იკავებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, შაქრიან დიაბეტსა და კიბოსთან ერთად. ამ სნეულებებით გამოწვეული სიკვდილიანობა ევროპის რეგიონში თუ დაახლოებით 75%-ია, საქართველოში 90%-ს აღემატება. ამ დაავადებათა უმეტესობის რისკფაქტორს სწორედ ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს.
მედიკოსები გვირჩევენ, რომ კვების რეჟიმის დაცვა, ფიზიკური აქტივობა, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმა და მინიმუმ 30 წუთით ფეხით სეირნობა სუფთა ჰაერზე, ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. თუმცა საგულისხმოა, რომ დღეს ჩვენთვის სუფთა ჰაერით სუნთვა ფუფუნებაა, რომლის საშუალებაც ადამიანს წელიწადში მხოლოდ ორი კვირით თუ ეძლევა.
როგორც იკვეთება ჰაერის დაბინძურება საქართველოში ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება, თუმცა, მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰაერდაცვით პოლიტიკასა და მის დასახლებაში არსებულ ჰაერის ხარისხზე ინფორმაცია არ გააჩნია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გავეცნოთ თუ როგორ არის დაბინძურებული ჰაერი ჩვენს გარშემო. ჰაერის ხარისხის ოფიციალური მონაცემების შემოწმება შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე – air.gov.ge
ატმოსფერული პორტალი საშუალებას გვაძლევს, უწყვეტ რეჟიმში თვალი ვადევნოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონაცემებს. ამ პორტალზე თუ შევალთ, იკვეთება, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე მეტად დავით აღმაშენებლის , წერეთელის, რუსთაველისა და პეკინის გამზირებზე იყო დაბინძურებული.
ამა წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ჰაერი მკვეთრად დაბინძურდა. მიზეზი შუა აზიიდან გავრცელებული მტვრის ნაწილაკები გახლდათ. მყარი ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელების პროგნოზი წინასწარ არსებობდა, თუმცა დაბინძურების პროცესი პროგნოზთან შედარებით უფრო მეტხანს გაგრძელდა, რასაც თავის მხრივ მეტეოროლოგიურმა პირობებმა შეუწყო ხელი. როგორც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ პროგრამის კოორდინატორი, რუსუდან სიმონიძე აღნიშნავს, დღევანდელი მონაცემებით ვითარება შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა პრევენციული ზომების განხორციელება დღეს უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. თბილისის სხვადასხვა უბნებში ჰაერის მდგომარეობის შესახებ არსებულ მონაცემებს „ჩემი ქალაქი მკლავს“ აქტივისტები ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დღეში რამდენჯერმე აქვეყნებენ. 22 მარტის მდგომარეობით თბილისში ჰაერის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესებული იყო.
„გააღეთ ფანჯრები, ისეირნეთ გარეთ, ასეთი დღეები ხომ ძალიან ცოტა გვაქვს თბილისში“, – გვირჩევდნენ „ჩემი ქალაქი მკლავს“ სოციალური აქტივისტები.
რა პრევენციული ზომები ხორციელდება თბილისში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით? – ამ კითხვით სახელმწიფო უწყებებს მივმართეთ. ირკვევა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, თბილისის ჰაერის მართვის 3-წლიან გეგმას ამუშავებს, რომელიც 2023 წლის მაისში დამტკიცდება და შესასრულებელი ღონისძიებების კონკრეტული ნაბიჯებიც გაიწერება. სამინისტროში განგვიმარტეს, რომ თბილისის ჰაერის მართვის გეგმაში აქცენტი ავტოტრანსპორტზე გაკეთდება, რადგან ის დედაქალაქის ჰაერის დაბინძურების უმთავრეს წყაროს წარმოადგენს.
იქიდან გამომდინარე, რომ სატრანსპორტო საშუალებების პერიოდულმა ტექნიკურმა ინსპექტირებამ ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე დიდი გავლენია ვერ იქონია და სატრანსპორტო საშუალებიდან გამონაბოლქვი ისევ გამოწვევად რჩება, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვის სამინისტრომ პარლამენტში ახალი კანონპროექტი დააინიცირა. ცვლილებების თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. გამონაბოლქვზე კონტროლის გასამკაცრებლად კი ბიუჯეტიდან, 800 000 ლარი გამოიყოფა.