გზა გადასასვლელი ხიდიდან ე.წ. დეზერტირების ბაზრამდე – რა ბედი ელის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიას?
როდესაც თბილისზე ვსაუბრობთ - ქალაქზე, რომელიც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიული, სოციალური, კულტურული ცენტრია
როდესაც თბილისზე ვსაუბრობთ - ქალაქზე, რომელიც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიული, სოციალური, კულტურული ცენტრია, თავისთავად გვერდს ვერ ავუვლით საკითხს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ადარდებს - ისტორიული შენობებისა და მაღალი კოშკურების მიღმა არსებული უბნები, რომლებიც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. ამ ადგილის ურბანულ განვითარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.ჩვენი მარშრუტი ე.წ რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან იწყება:
თუ ფიქრობთ, რომ ეს ჩვეულებრივი საფეხმავლო ხიდია, ძალიან ცდებით – ის ბაზრად არის ქცეული. ხიდზე ფეხის შედგმისთანავე მარტივად მიხვდებით, რომ აქ ყველანაირი ძველმანებისა და ე.წ მეორადების ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება. ხიდი საკმაოდ გრძელია. მასზე გადაადგილება ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით რთულია. განცდა იმისა, რომ როგორმე ამ „გვირაბს“ თავს დააღწევ, ყოველი ფეხის გადადგმისას მძაფრდება.
ტანსაცმელი ყველგან კიდია, თავის დასაღწევად ხელებიც უნდა მიაშველო, რომ ტერიტორია რაც შეიძლება მალე დატოვო. გარდა ამ გაუსაძლისი მდგომარეობისა ხიდი არც ისე უსაფრთხოა. იმის გათვალისწინებით, რომ ის სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს, დანგრეულია ვაგზლის მოედანთან მიმავალი, ხიდიდან ჩამოსასვლელი კიბეებიც, რომლის ფილებიც მოძრაობს და თუ ყურადღებით არ იქნებით შესაძლებელია სერიოზული ტრამვაც მიიღოთ. საზარელ სურათს ემატება ჟანგიანი, მიტოვებული მატარებლებიც, რომლებიც უფუნქციოდ გამოიყურება.
გარეთ გამოსვლისას უკეთეს მდგომარეობას არ ელოდოთ. ეს არის სავაჭრო ობიექტად ქცეული ლოკაცია.
ე.წ „დეზერტირების ბაზრისკენ“ მიმავალს სხვადასხვა პროდუქცია გხვდებათ, მათ შორისაა: საკვები და ტანსაცმელი. მოვაჭრეებს პროდუქტი ხშირ შემთხვევაში უბრალოდ მუყაოს ყუთებზე აქვს გაწყობილი – ეს ალბათ იმ შემთხვევაში, რომ მუდმივად სხვა ადგილზე გადაადგილების მზადყოფნაში იყვნენ, რადგან მუნიციპალურმა ინსპექციამ ნებისმიერ დროს შესაძლებელია მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვოს.
არ შეიძლება ყურადღების მიღმა დაგვრჩეს ვაგზლის მოედნის წარმოშობის ისტორია, რომელიც XIX საუკუნეში, 1872 ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით გაჩნდა. რკინიგზის ვაგზლის შენობა და საბაჟო დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე, მოედანი შეტანილია თბილისის 1900 წლის მაგიდის კალენდარში განთავსებულ ქუჩებისა და მოედნების სიაში.
1940 წელს ნაგებობა დაანგრიეს და მის ადგილას ახალი, სტალინისტური არქიტექტურის შენობა აშენდა. 1952 წელს, არქიტექტორ ტერმიქელოვის ხელმძღვანელობით, თბილისის ვაგზალი კაპიტალურად გადაკეთდა, აშენდა კოშკი მოოქროვილი შტილით, გაიზარდა შენობის მოცულობაც.
80-იანი წლების დასასრულს მოხდა ვაგზლის შენობის მთლიანი დემონტაჟი, მის ადგილას არქიტექტორების: რ.ბაირამაშვილის, ი. ყავლაშვილის, გ. შავდიას, ა. ჯიბლაძის და შ. გაზაშვილის პროექტით, აშენდა ახალი, ბევრად უფრო მასშტაბური და იმ დროისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა.
2006 წელს შენობა 49-წლიანი იჯარით სააქციო საზოგადოება „თბილისი ცენტრალს“ გადაეცა.
ასე გამოიყურება ნაგებობა დღეს:
ამა წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ სადგურის მოედნის ტერიტორიას შესაძლებელია რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სადგურის მოედანი და დადიანის ქუჩა ერთმანეთს საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება.
მისივე თქმით, მიმდინარეობს დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები.
როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს.
სადგურის მოედნის განახლებასთან დაკავშირებით, დანიური კომპანიის Ramboll-ს მიერ შემუშავებულ ტრანსპორტის გეგმაშიც არის საუბარი. ამ გეგმის თანახმად, რეკომენდირებულია ტერიტორიაზე მოეწყოს ახალი გადასასვლელი, საჯარო სივრცე, ასევე ველო და ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო გარემო.
„სადგურის მოედანი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია თბილისში, რომელიც მეტროს, რკინიგზას, საქალაქო და საქალაქთაშორისო ავტობუსებს აკავშირებს. თუმცა, არსებული სივრცე უსისტემოდ გამოიყენება, რაც ხერგილებს, რთულ სატრანსპორტო კვანძებსა და ქვეითებისთვის სახიფათო გარემოს იწვევს. გარდა ამისა, სადგურის მოედნის წინ მდებარე ფართო ტერიტორიაზე ბრუტალისტური ბეტონის დიზაინია.
ავტობუსების, ტაქსებისა და სხვა ავტომობილების ქაოტური მოძრაობა ტერიტორიაზე ხშირად ქმნის საცობებს. მაღაზიები, მთავარი მოედნის ქვემოთ, მუდმივად ვანდალიზებული და მეტ-ნაკლებად მიტოვებულია.წარმოდგენილი სქემით სადგურის მოედნის ტერიტორიის მნიშვნელოვნად განახლებული დიზაინი, კეთილმოწყობა და რეაბილიტაციაა შემოთავაზებული, შემდეგი ელემენტებით – საჯარო სივრცე: კეთილმოწყობილი, მწვანე და მდგრადი საჯარო სივრცე ქალაქის მთავარ კარიბჭესთან; მრავალმოდალური კვანძი: თავისუფალი, შეუფერხებელი და მისაწვდომი კვანძი მეტროს, რკინიგზას, ავტობუსებსა და ტაქსებს შორის; ავტობუსის ტერმინალი: განახლებული ავტობუსის ტერმინალი, რომელიც TBT (თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი) ქსელის საჭიროებებს დააკმაყოფილებს; ფეხით და ველოსიპედით უფრო უსაფრთხო სიარულისთვის: უსაფრთხო და კომფორტული სივრცეები ტერიტორიაზე ველოსიპედით და ფეხით სიარულისთვის; უკეთესი ვიტრინები: გაუმჯობესებული ადგილობრივი ბაზარი და მაღაზიები, რაც არ გამოიწვევს ადგილობრივი ბიზნესის გადანაცვლებას ან უარყოფითად არ იმოქმედებს ადამიანების საარსებო წყაროზე; TBT (თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი) ქსელის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად, სარკინიგზო ხაზზე ახალი აღმოსავლეთ-დასავლეთ გადასასვლელი აშენდება. ხიდზე პრიორიტეტი მიენიჭება ავტობუსებს, ასევე, მიმდინარეობს ველოსიპედისა და ქვეითის ჩართვის ვარიანტების შესწავლა.
მოსალოდნელია, რომ ხიდი TBT (თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი) ქსელით მგზავრობის ხანგრძლივობას შეამოკლებს, გააუმჯობესებს ავტობუსით მგზავრობის დროს და შეამცირებს ავტობუსის ექსპლუატაციის ხარჯებს. მან ასევე შეიძლება უზრუნველყოს ახალი კავშირები ველოსიპედისტებისა და ქვეითებისთვის, რომლებმაც დღეს ან ბნელ და არაკომფორტულ საფეხმავლო ხიდს იყენებენ, ან გადასასვლელად გზას იგრძელებენ,“- ნათქვამია გეგმაში.
სანამ შედეგს მივიღებთ, დღეს ვაგზლის ტერიტორია თბილისის „გიგანტურ ბაზრადაც“ შეიძლება მოვიხსენიოთ, რადგან მას ყველა მიმართულებიდან სხვადასხვა სავაჭრო სექციები აკრავს გარსს.
ვაჭრობა ყველგან მიდმინარეობს: მოედნებზე, კიბეებზე, ტროტუარებზე, ბილიკებზე – ხალხი ყველგან ვაჭრობს.
თუმცა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო ობიექტში, რომელსაც ტერიტორიის დაახლოებით 2000 მ² ფართობი უჭირავს და გათვლილია 500 სავაჭრო ადგილზე, მოიცავს ყველაფერს: ხორციდან და ხილიდან დაწყებული, ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული – ეს ე.წ „დეზერტირების ბაზარი“ გახლავთ.
საინტერესოა როდის და რატომ დამკვიდრდა ეს სახელწოდება?
ერთ დროს, დიდუბის საკოლმეურნეო ბაზარს დღესაც „დეზერტირების ბაზრის“ სახელით მოიხსენიებენ. ირკვევა, რომ ცენტრალური ბაზრის სახელწოდება 1920-იან წლებში დამკვიდრდა, რადგანაც ჯარისკაცები ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ აღკაზმულობას, იარაღსა და სხვა ნივთებს ყიდდნენ.
ბაზრის ტერიტორიაზევე, 1912 წელს ახლანდელი მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი თბილისის სპორტსაზოგადოება “სოკოლისა” და ბაქოს გუნდს – “ბრიტანულ კლუბს” შორის გაიმართა.
„დეზერტირების ბაზრის“ ძველ შენობას, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა, 2007 წელს რადიკალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ახლა მის ტერიტორიაზე ახალი ბაზარია, რომელსაც ძველი სახელწოდება შემორჩა.
„ათასობით წვრილმანის“ ბაზარს, ადამიანები ჩვეულებრივ საბითუმო ფასების გამო სტუმრობენ. აქ ხომ ყველაფერი ორჯერ იაფი ღირს, ვიდრე მაღაზიებში, თუმცა რამდენად უსაფრთხოა ბაზარში შეძენილი მალფუჭებადი პროდუქტი, ეს კიდევ სხვა საკითხია.
ქართული ბაზრის „სავიზიტო ბარათია” ყურძნის წვენისგან დამზადებული ჩურჩხელა, სხვადასხვა ხილისა და ფერის ჩირი და ტყლაპი, ქართული სუნელები, დაფნის ფოთოლი, ტყემლის საწებელი.
ბაზრის ხმაურიანი ატმოსფერო აღმოსავლური კოლორიტი და, შეიძლება ითქვას, თბილისის ერთგვარი ღირსშესანიშნაობაა.
ბაზრის ირგვლივ კი ვრცელი სავაჭრო ინფრასტრუქტურაა მოწყობილი – მაღაზიები, სუპერმარკეტი, ღია ტიპის დახლები. აქ ყველაფრის შეძენა შეგიძლიათ.
ჯერ კიდევ 2023 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადგილზე თანამედროვე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმებოდა. წინა წლის ნოემბერში ხნობილი გახდა, რომ შესაბამისი განაცხადი თბილისის არქიტექტურის სამსახურმა უკვე დააკმაყოფილა და სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია.
რას ითვალისწინებს მერიაში წარდგენილი არქიტექტურული პროექტი? – შენობა 17.5 მეტრის იქნება და მასში ორი სართული განთავსდება. განაშენიანების საერთო ფართობი 17,994 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო უშუალოდ კომერციული ფართობი 12,458 კვადრატული მეტრი იქნება. ახალი სავაჭრო ცენტრი გააერთიანებს ბრენდულ მაღაზიებსა და საკვებ ობიექტებს.
პროექტის მიხედვით, GALLERY ARENA-ს მშენებლობა, ნებართვის გაცემიდან 36 თვეში იგეგმება.
პროექტს შპს “თბილისი მოლი” განახორციელებს, რომელიც ჰოლდინგ CBS ჯგუფის შემადგენელი კომპანიაა. ჰოლდინგის დამფუძნებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ოფიციალური წარდგენა უახლოეს მომავალში იგეგმება.