რატომ აღარ მოეწყობა გორგასლის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე

დედაქალაქის მერის განცხადებით სპეციალისტების მოსაზრებებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, 360 ასწლოვან ხეს საფრთხე შეექმნას.

რატომ აღარ მოეწყობა გორგასლის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე

“კვლევები ჩატარდა დენდროლოგის, ინჟინრის, გარემოს დაცვის და ტრანსპორტის სპეციალისტის ექსპერტულ მოსაზრებებზე დაყრდნობით და გამოიკვეთა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას, დაახლოებით, 360 ასწლოვან ხეს. მთელი ამ ქუჩის სილამაზე ამ ხეებშია და სწორედ ამიტომ გვინდოდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. მათი უმრავლესობა ზრდასრული ჭადარია. შესაბამისი გამტარიანობის საავტომობილო გვირაბების მოწყობა გამოიწვევს ზრდასრული ჭადრის ხეების დაზიანებას და გზის დავიწროებას, რის შედეგადაც ეს მონაკვეთი ქალაქში არსებულ ნაკადებს ვეღარ გაატარებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს როგორც სატრანსპორტო ნაკადების შეფერხება, ისე ასწლოვანი ხეების გახმობის საშიშროება. პროექტის იმ ფორმით განხორციელება ვერ მოხდება, როგორც ჩვენ გვინდოდა, თუმცა იქ არსებული გზაგამყოფი მთლიანად მოწესრიგდება და მაინც ლამაზი სივრცე გამოვა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბური პროექტი ვეღარ განხორციელდება, გზაგამყოფის რეაბილიტაცია მაინც იგეგმება.