გორგასალის ქუჩა და 28-სართულიანი სასტუმრო ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის ნაცვლად
ყველა ქალაქის სახე, მისი ძველი და ლამაზი ქუჩებია. ქუჩა ხომ ისტორიის მატარებელია და ზუსტად გადმოგვცემს დედაქალაქის წარსულს.
ყველა ქალაქის სახე, მისი ძველი და ლამაზი ქუჩებია. ქუჩა ხომ ისტორიის მატარებელია და ზუსტად გადმოგვცემს დედაქალაქის წარსულს. მისი იერსახის შენარჩუნება სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი. თუმცა წლების განმავლობაში მათი ვიზუალი იცრიცება და იცვლება.
ყველას ავიწყდება, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული გარემო, ჩვენი საარსებო არეალია, რომელიც თითოეულ პიროვნებას განსაკუთრებული ენერგიის მატარებელ მუხტს სძენს – ეს არის წარსულის შემოქმედებასთან კავშირის შეგრძნება, რასაც ვკარგავთ ახალი მშენებლობებითა და შენობების იერსახის ცვლილებით.
ვახტანგ გორგასალის ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში, ორთაჭალაში გადაჭიმულია ვახტანგ გორგასლის მოედნიდან რუსთავის გზატკეცილამდე. იგი ფაქტობრივად მარჯვენა სანაპიროს გაგრძელებაა, რომელიც რუსთავის გზატკეცილს უერთდება. XIX საუკუნის დასაწყისში აქ ქალაქის ცენტრიდან გადმოტანილი იყო ხელოსანთა რიგები. 1850 წლისთვის მან უკვე ქუჩის სახე მიიღო და მიხეილ ვორონცოვის სახელი ეწოდა. მისი ერთ-ერთი შენობის კედელში ჩასვეს საგანგებო დაფა წარწერით: „ვორონცოვის ქუჩა გაიხსნა 1850 წელს მისი უმაღლესობის თავად მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის მეფისნაცვლად ყოფნის დროს“.
ქუჩის მოწყობა მთლიანად დამთავრდა 1851 წელს. მისი სიგანე მაშინ 8-9 მეტრს აღწევდა. ქუჩის ორივე მხარე განაშენიანებული იყო ქარვასლებით, ჩაიხანებით და სხვა. ეს ადგილი გამოირჩეოდა მსხვილი მესაკუთრის ხალათოვის 3-სართულიანი, მოზაიკური აგურით ნაშენი ქარვასლით, რომელსაც 365 ოთახი და რამდენიმე გუმბათოვანი დარბაზი ამშვენებდა. ქარვასლის სარდაფი გამოიყენებოდა აქლემთა ქარავნის სადგომად. 1929 წელს წყალდიდობის დროს ქარვასლის ფუნდამენტი გამოირეცხა, შენობა ნაწილობრივ დაინგრა და უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით ის საერთოდ აიღეს. ამ გზით ერევნის მხრიდან ქარავნები შემოდიოდნენ, ალბათ ამით აიხსნება, რომ თბილისის 1876 წლის გეგმაზე ახლანდელი ვახტანგ გორგასლის ქუჩის ადგილზე დატანილია 2 ქუჩა: ვორონცოვისა და ერევნის. 1922 წელს მას კომუნალური ქუჩა დაარქვეს, 30-იან წლებში კი ალექსანდრე მიასნიკოვის, ხოლო 1958 წელს ვახტანგ I გორგასლის სახელი ეწოდა.
საბჭოთა ხელისუფლების წლებში, ქუჩა გააფართოვეს და კეთილმოაწყვეს. აქვე არის: თბილისის ბალნეოლოლოგიური კურორტი; საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილატიისა და სამკურნალო ტურიზმის სამედცნიერო-პრაქტიკული ცენტრი; ოფთალმოლოგიის და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრი; ადმინისტრაციული შენობების ორთაჭალის კომპლექსი; 300 არაგველის მემორიალი; არქიტექტურულ-სკულპტურული კომპოზიცია – „მაჩაბლის კედელი“; პეტრე ბაგრატიონის მონუმენტი; ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) ძეგლი; სკულპტურული კომპოზიცია – „სულის ამაღლება“.
ქუჩაზე ასევე, XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლებია შემონახული. მას აქვს 3 შესახვევი (II შესახვევი — ყოფილი საფეიქრო შესახვევი, III შესახვევი — ყოფილი ფაბრიკის ჩიხი), I ჩიხი.
ის,რომ თბილისის ქუჩები იერსახეს კარგავს და დღევანდელობის აქტუალური პრობლემაა, ამას უამრავი ახალი მშენებლობა მოწმობს.
სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კომპანია, კრწანისის ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის ადგილზე 28-სართულიან სასტუმროს აშენებს, რომელიც არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მომავალ წელს უნდა დასრულდეს.
თბილისში კრწანისის რაიონში, გორგასლის შესახვევის N5-ში მდებარე 17 313 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული კრწანისის ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის შენობა, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ელექტრონულ აუქციონზე წლების წინ 5.27 მლნ ლარად გაიყიდა.
არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, სასტუმროს და საცხოვრებელი შენობის საერთო ფართი 70 582.6 მ2 იქნება, რომელიც ასე ნაწილდება: საცხოვრებელი ფართი – 22 790.2 მ2; სასტუმროს ფართი -15 777.7 მ2; კომერციული ფართი – 1 006.6 მ2; საოფისე ფართი – 467.5 მ2; საზაფხულო ფართი – 7 617,1 მ2; ავტოსადგომის ფართობი – 10 633.5 მ2 (335 საპარკინგე ერთეული).
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, – „მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში გათვალისწინებულია: სასტუმრო; საცხოვრებელი და აღნიშნული სახეობის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დამხმარე ობიექტების განვითარება. მათ შორის, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ფუნქციების ორგანიზება. ასევე გათვალისწინებულია, საპროექტო არეალში მდებარე სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა გაჯანსაღება. არეალის სპეციფიკური გეოგრაფიული მდებარეობიდან და ფიზიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე (საპროექტო არეალი პრაქტიკულად გარსშემორტყმულია საჯარო სარგებლობის რეკრეაციული სივრცით, რომელიც დაზუსტებულია სატყეო ქვეზონების სახით), მთელი ტერიტორიის ფარგლებში, იგეგმება სარეკრეაციო სივრცის საკმაოდ მსხვილი ერთეულების დაგეგმარება-შენარჩუნება. ნაკვეთის ცენტრალურ სივრცეში გათვალისწინებულია დღეს არსებული შიდა ეზოს პრინციპის შენარჩუნება. ასევე საჯარო სარგებლობის რეკრეაციული სივრცეების საკმაოდ მსხვილი ერთეულები განთავსდება მიწის ნაკვეთის პერიმეტრით, რომლების ტერიტორიის განსხვავებული ნიშნულების გამო, სხვადასხვა გამოყენებისაა“.
ახლა კი გორგასალის ქუჩაზე დასრულებულ და მიმდინარე პროექტების ფოტო-კოლაჟს წარმოგიდგენთ, რომელმაც ძველი ქუჩის იერსახე მნიშვნელოვნად შეცვალა. ხოლო როდემდე გაგრძელდება ქუჩის გარდასხვა, ამას მომავალი გვიჩვენებს.