გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის – რას შეცვლის დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს კვანძზე მოძრაობის ახალი წესი
სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით. ასეთია მიზანი დედაქალაქის მთავრობის, რომელიც გმირთა მოედანს უკავშირდება. კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნულ ლოკაციაზე,საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები ამოქმედდება.
„მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე – ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას. კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადები დაიყოფა, რაც გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას. დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება, როგორც კერძო ავტომობილების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ გმირთა მოედანი, როგორც ქალაქის უმნიშვნელოვანესი კვანძი, პიკის საათებში განსაკუთრებით გადატვირთულია და მასზე სატრანპორტო მოძრაობა რთული. შეცვლის თუ არა რაიმეს ახალი დებულება ჯერ უცნობია, მაგრამ ფაქტია, ტერიტორიის განტვირთვასა და გზების ძიებაზე დიდი ხანია საუბრობენ დარგის ექსპერტრბი.